რეზონანსი
03.12.2025

გრიპის ვირუსი აქტიურ ფაზაშია - ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% მოდის გრიპის ვირუსზე. შესაძლოა, მიმდინარე წელი გრიპით გამოწვეული ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად აქტიური გახდეს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ  განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, სასურველია მოქალაქეებმა ვაქცინაციის პუნქტებს დროულად მიმართონ, ვინაიდან მოლოდინია, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი იმდენად მაღალი იქნება, რომ ძალიან ძნელი გახდება ინფიცირებისგან თავიდან აცილება.

„ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს რომ გრიპის ვირუსი აქტიურ ფაზაშია. ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად მატულობს გრიპით გამოწვეული ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გადავხედავთ ციფრებს, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% მოდის გრიპის ვირუსზე, კონკრეტულად ერთ-ერთ ვარიანტზე H3N2-ზე. ანალოგიური მდგომარეობა მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში, სტაციონარულ დაწესებულებებში უპირატესი მაჩვენებელი მომდინარეობს A ტიპის გრიპზე.

ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში რაც ხდება, მიუთითებს რომ ეს ვირუსი - H3N2 ტიპის ვირუსი 2025-2026 წლის სეზონზე უფრო ადვილად გადამდები გახდა, რომლის უკან დგას ის მუტაცია, რომელიც განიცადა ამ ვირუსმა 2025 წლის ივნისში. მაშინ 7 სხვადასხვა მუტაცია მოხდა, რამაც გამოიწვია ვირუსის მარტივი გადამდებოდა. ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება გრიპის ვირუსის ნაადრევი მატება, ასეა საქართველოშიც. წინა წლის სტატისტიკასთან შედარებით, 4 კვირით ადრე დაიწყო გრიპის ვირუსის მატება. მიმდინარე წელი ამ მხრივ გამორჩეულია. მოლოდინია, რომ მიმდინარე წელი გრიპით გამოწვეული ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად აქტიური გახდება. საბედნიეროდ, დამადასტურებელი კვლევა, რომ ეს ვირუსი უფრო მძიმე დაავადებას განაპირობებს, არ არის",- აღნიშნა ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია: მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო ძლიერი სისუსტე, უმადობა.

„ეს არის კლასიკური A ტიპის გრიპი ვირუსი. მისთვის დამახასიათებელია: მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო ძლიერი სისუსტე, უმადობა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსი მატულობს, ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია მაჩვენებელს. მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებლის პიკი უფრო ადრე იქნება, ვიდრე გასულ წელს, სავარაუდოდ, დეკემბრის ან იანვრის ბოლოს იქნება პიკი. ვისაც არ ჩაუტარებია გრიპის ვაქცინაცია, დროულად მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს, დეკემბრის მეორე ნახევარში, ვაქცინაცია უეფექტო იქნება. ამ პერიოდში იმდენი გვექნება გრიპის შემთხვევა, რომ ძალიან ძნელი გახდება ინფიცირების თავიდან აცილება.

ინფიცირებულთან კონტაქტიდან 1-4 დღე ვლინდება დაავადება, გაურთულებელი მიმდინარეობისას 7-10 დღეში ალაგდება ეს ყველაფერი. ექიმის მიმართვა დამოკიდებულია მიეკუთვნება თუ არა ადამიანი რისკის ჯგუფს. რისკის ჯგუფში ვინც არის, პირველივე დღიდან უნდა მიმართოს ექიმს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

წყარო: www.bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×