
ველოდები, როდის გამოვა ქართული ოპოზიცია და ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“. წამყვანმა სთხოვა შეეფასებინა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის წინაშე მდგარი უფრო დიდი საკითხები მოიცავს ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობას, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, დოკუმენტის თანახმად, საფრთხეებს შორისაა მიგრაციის პოლიტიკა, სიტყვის თავისუფლების ცენზურა, შობადობის კატასტროფულად დაცემა და ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა.
„ველოდები, როდის გამოვა ქართული ოპოზიცია ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში. მათ ეს არაერთხელ უკადრიათ და კიდევ რომ იკადრონ, არ გაგვიკვირდება. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ღირებულებითი კრიზისი, სინამდვილეში ღირებულებითი კრიზისი მხოლოდ იდეების დეკადაში არ განისაზღვრება. ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას და საზოგადოებას, წარმოშობს დემოგრაფიულ პრობლემებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
დოკუმენტი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.