
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება.
ვადეპულის განცხადებით, ბერლინს არ სჭირდება გარე რჩევები გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული საზოგადოებების ორგანიზების შესახებ.
ბერლინში, ისლანდიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ვადეპულმა აღნიშნა, რომ ამგვარი საკითხები რეგულირდება გერმანიის საკონსტიტუციო წესრიგით.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იყო და დარჩება ნატო-ში ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ, თუმცა ეს ალიანსი ფოკუსირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.
როგორც იოჰან ვადეპულმა აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების ან თავისუფალი საზოგადოების ორგანიზების საკითხები არ შედის ალიანსის კომპეტენციაში.
„მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია, თავად განვიხილოთ და გავმართოთ დისკუსია ამ საკითხებზე და არ ვსაჭიროებთ გარე რჩევებს“, – განაცხადა ვადეპულმა და აღნიშნა, რომ ის აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას დეტალურად გააანალიზებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეიცავს ევროპის მიმართ კრიტიკას, მათ შორის სიტყვის თავისუფლების ცენზურის გამო.