
საქართველო ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი ყველას მიმართ, მათ შორის განსაკუთრებით, ნატოს იდეების მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, იმავეს ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნებისგან საქართველოს მაგალითზე ვერ ვხედავდით, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას, რომელიც ნატოს გაფართოების საკითხს ეხება.
„სამწუხაროდ, ბუქარესტის სამიტმა ის ქვეყნები, რომლებიც ისწრაფოდნენ ნატოსკენ და საქართველოს მაგალითზე, გლობალური უსაფრთხოებისთვის ნატოს ქვეყნებზე უფრო ძლიერი, უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაც ჰქონდათ, გარე საფრთხეების წინაშე დაუცველი დატოვა. იმ გზავნილმა, რომ უკრაინა და საქართველო მაგალითად, გახდებოდნენ ნატოს წევრები, მაგრამ არავინ იცოდა, როდის, ხელი შეუწყო არა უსაფრთხოების განვითარებას საერთაშორისო დონეზე, არამედ პირიქით.
საქართველო ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი ყველას მიმართ, მათ შორის განსაკუთრებით, ნატოს იდეების მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, იმავეს ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნებისგან საქართველოს მაგალითზე ვერ ვხედავდით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ზოგადმა პოლიტიკამ ევროპის მიმართ პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის, აღქმის დასრულება და ამ რეალობის თავიდან აცილება“.