რეზონანსი
06.12.2025

დონალდ ტრამპმა ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო, რათა ევროპული პოლიტიკა თავისი მიზნების ფარგლებში მოაქციოს და ამერიკული დიპლომატიის სრული ძალა გამოიყენოს პატრიოტული პარტიების მხარდასაჭერად, მიგრაცის აღმოსაფხვრელად, ცენზურის გასანადგურებლად და ევროპული ცივილიზაციის დაცემისაგან გადასარჩენად, - წერს გამოცემა POLITICO.

„საკითხავია, აქვს თუ არა ევროპის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ცენტრისტებს ძალა, ან ნება, რომ შეაჩერონ ის (ტრამპი)“, - ნათქვამია სტატიაში.

თეთრმა სახლმა თავის ახლად გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, პირველად ყოვლისმომცველი სახით ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების მიმართ, რომელთა წინაშეც დგას აშშ და მსოფლიო. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება ნახსენებია, როდესაც საქმე ევროპას ეხება, ამერიკის ოფიციალური პოზიცია ახლა ის არის, რომ მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია კონტინენტის პოლიტიკის მემარჯვენე მხარეს გადატანაზე. დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, ადანაშაულებს ევროკავშირს „ცივილიზაციური წაშლის“ რისკის ზრდაში, რაც გამოწვეულია მიგრანტების ზრდით, შობადობის შემცირებით და დემოკრატიული თავისუფლებების ეროზიით.

ცენტრისტ ლიდერებს, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან - ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი, ტრამპის ახალი დოქტრინა იმდენად ეგზისტენციალურ გამოწვევას უქმნის, რომ შესაძლოა, მას პირისპირ დაუპირისპირდნენ. ეს დაპირისპირება შესაძლოა უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გვიან, რადგან მომავალ წელს ბრიტანეთისა და გერმანიის ნაწილებში არჩევნები გაიმართება, ხოლო საფრანგეთში ვადამდელი ეროვნული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. თითოეულ შემთხვევაში, მოძრაობა MAGA-ს მოკავშირე პარტიები მზად არიან მიაღწიონ წარმატებას ხელისუფლებაში მყოფი ცენტრისტების ხარჯზე. ახლა უკვე ნათელია, რომ ამერიკამ შესაძლოა დახმარებისთვის ჩაერიოს.

ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა „დემოკრატიის ფარის“ შექმნის გეგმები, რათა დაიცვას არჩევნები დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევისგან. პოლიტიკის საკითხებზე პასუხისმგებელმა კომისარმა, მაიკლ მაკგრატმა ცოტა ხნის წინ POLITICO-ს განუცხადა, რომ ფარი ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან რუსეთი „ერთადერთი აქტორი არ არის“, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს „ინტერესი“ არჩევნებზე გავლენის მოხდენის კუთხით.

„ბევრი აქტორია, რომელთაც სურთ ევროკავშირის სტრუქტურის დაზიანება და საბოლოო ჯამში, მისი ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევა“, - თქვა მან.

„ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გათვალისწინებით, ტრამპის ამერიკა ახლა აუცილებლად მათ შორის უნდა ჩაითვალოს“, - აღნიშნავს POLITICO.

მაკრონის, მერცისა და სტარმერის მსგავსი ლიდერებისთვის უარესი ის არის, რომ ტრამპისეული ანალიზი - რომ ამომრჩეველთა კრიტიკულ მასას საკუთარი ევროპული MAGA სურს - საბოლოო ჯამში, შესაძლოა სწორი აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×