
საქართველო იყო თავდასხმის ობიექტი გარე დაფინანსებით და ამ ხელფასს იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დესტრუქციული არაერთი განაყარი, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას.
„ვხედავთ, რომ უკვე ვეღარ ჭრის ასეთი ტყუილი, დეზინფორმაცია, რომელიც მთავარი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ. ამას ადასტურებს არა მხოლოდ BBC-ს ერთი სიუჟეტი, არამედ კასკადია უკვე დამადასტურებელი ფაქტებისა, ამერიკელი მაღალჩინოსანიც ამას ადასტურებს, რომ ისინი ცდილობდნენ, გარე დაფინანსებით ქვეყანაში შიდა რევოლუციები მოეწყოთ. ჩვენ გვქონდა ასეთი 5 რევოლუციის მცდელობა. გვქონდა „მოლოტოვის კოქტეილებით“ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრება და გვქონდა ძალიან ბევრი შანტაჟი. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო იყო თავდასხმის ობიექტი გარე დაფინანსებით და ამ ხელფასს იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დესტრუქციული არაერთი განაყარი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.