
„ქართველი ავტოიმპორტიორები ამაში მონაწილეობას არ იღებენ“, - ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა დარბაისელი საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის საკითხს. აღსანიშნავია, რომ რუსული Avtostat-ის მონაცემებით, ოქტომბერში, რუსეთში მეორადი ავტომობილების მთლიანი იმპორტის 10.2% საქართველოდან განხორციელდა, რაც დაახლოებით 6 120 მანქანას შეადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში 8 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, ჯამური ღირებულება კი 139.3 ათას დოლარს შეადგენდა. მხოლოდ ოქტომბერში კი რეექსპორტზე რუსეთში ერთი მანქანაა გაყვანილი.
„ქართველი ავტოიმპორტიორები ამაში მონაწილეობას არ იღებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თუ გაჰყავთ რუსეთში ავტომობილები, როგორ გაჰყავს შავი გზებით, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ამ კუთხით დაკეტილია საზღვარი. დავუშვათ რომ, როგორმე მოახერხეს გაყვანა, რა თქმა უნდა, ამით დაზარალდება საქართველო. ჩვენი ასოციაცია, რა თქმა უნდა, არ მიესალმება ამას - რუსეთში ავტომობილების გაყვანას.
დამაინტერესა, მართლა რუსეთში ხომ არ რჩება ეს ავტომობილები-მეთქი, ვიფიქრე მოკვლევა გამეკეთებინა; რომ დავაკვირდი ადგილობრივ ბაზარს, ჩინური ავტომობილებით არის სავსე რუსეთი. შემდეგ, საბერძნეთში სრულიად შემთხვევით მოვისმინე რუსეთის მოქალაქის საუბარი, რომელსაც ჰქონდა მაღაზია; ამბობდა, რომ ჩვენთან ევროპული მანქანა რომ გინდოდეს, ვეღარ იყიდი, ჩემი ცოლისთვის მინდოდა და ვერ ვიყიდე, იმიტომ, რომ ჩინური მანქანებით არის რუსეთი სავსეო“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1 აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.