
სუს-ის გამოძიებითაც დადასტურდა ის, თუ რა აბსურდის თეატრი შემოგვთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ შემთხვევაში BBC ჰყავდათ ამ ყველაფერში ჩართული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ერთ დროს რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.
„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთ დროს ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე. თუმცა, გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ბანკმაც კი შესწირა თავისი რეპუტაცია, საქართველოში რომ ზეწოლა განეხორციელებინათ, კონკრეტულად, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. რა თქმა უნდა, ასეთი ზღაპრების ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ და გამოძიების გარეშეც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად სიცრუე. დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, რაღაც ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.