რეზონანსი
06.12.2025

„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა და წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება.

„რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ბრალდებებს: რეპორტაჟში მტკიცებითი ფორმით არის ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, „ქართული ოცნება“ კი არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ დაწვეს მათ პარლამენტის შენობის ნაწილი, როგორ დაამტვრიეს და გაანადგურეს დედაქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როგორ დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“, როგორ ესროდნენ პოლიციელებს დამიზნებით სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი დამატებით ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ერთი, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება უტყუარად, მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული. სიცრუეზე აგებული ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება“ სრულდება კიდევ ერთი ცხადი ტყუილით, რომ, თითქოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×