ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეაქცია იქნება უარყოფითი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქართველსაც და არაქართველსაც მტკიცედ სწამთ, რომ ქორწინება არის საიდუმლო, - ასე უპასუხა გადაცემაში „EURO ანატომია“ პროფესორმა, კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტმა პაატა ჩხეიძემ წამყვანის კითხვას, რომ თუკი ევრობიუროკრატებმა მოითხოვეს საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს, როგორი იქნება ქვეყნის მოსახლეობის რეაქცია.
პაატა ჩხეიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ქორწინება წმინდა საიდუმლოა, რომელსაც ბოლომდე დაიცავენ.
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეაქცია იქნება უარყოფითი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქართველსაც და არაქართველსაც მტკიცედ სწამთ, რომ ქორწინება არის საიდუმლო. წმინდა საიდუმლოა და ამას ისინი დაიცავენ. დაიცავენ ბოლომდე. მე ასე მწამს იმიტომ, რომ მე ასე ვცხოვრობ, მორწმუნე ქრისტიანი ვარ, ეკლესიური, ჯვარდაწერილი და ჩემთვის ეს არის საიდუმლო და არა რაღაც ისეთი ხელშეკრულება, როგორსაც ესენი დებენ ერთმანეთთან, დროებით და შემდეგ ძალიან სწრაფად არღვევენ. ასეთი ხელშეკრულება შთამომავლობას არ იძლევა. ეს არის ის, რასაც დიდი ევროპელი მოაზროვნეები საუკუნის დასაწყისშივე გმობდნენ.
ვთქვათ, დღეს მე სტუდენტებს უნდა წავუკითხო ლექცია ტომას ელიოტის შესახებ და ტომას ელიოტი სწორედ იმას გმობდა და გლოვობდა, რომ ევროპა სულ უფრო და უფრო სტერილური ხდებოდა. ერთნაირსქესიანთა ქორწინება სტერილურობისკენ პირდაპირი მოწოდებაა და პირდაპირი გზა“, - აღნიშნა პაატა ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი.