
ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა აქციაზე სლოგანით: „რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვები რაც მანამდე არსებობდა კვლავ არსებობს და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და სუს-ის გამოძიება კი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს.
„საერთოდ, ყველა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისა და თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან არის აბდაუბდა. არ იციან რა თქვა, რა მომენტში, როგორ თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე - სხვა რამეს ამბობს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის ჯერ დაულაგებელი. ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და ვიტყოდი, რომ უფრო და უფრო დაბნეულები არიან.
კითხვები, რაც არსებობდა მანამდეც, არსებობს ახლაც. აუცილებელია,რომ ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება და საჭიროა, რომ უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.