
პარლამენტმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ინიციატივების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში დეპუტატები განათლების მინისტრის მოადგილეს უსმენენ.
განათლების კომიტეტის სხდომაზე გადის ცვლილებები კანონპროექტებში "განათლების ხარისხის განვითარების," "უმაღლესი განათლების," "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ." ახალი რეფორმა ითვალისწინებს 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. საუბარია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწავლება 3+1+1-ის ფორმატზე გადადის. რაც ბაკალავრის სტატუსის მისაღებად 4-ის ნაცვლად 3-წლიან სწავლას გულისხმობს.
დაგეგმილ ცვლილებებზე შეფასებები კეთდება საპარლამენტო უმრავლესობაში.
"ის პრობლემა, რაც ეხებოდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის დაკარგვას, არის მოხსნილი. ამ პრობლემის მიღმა არის ძალიან ბევრი, პოზიტიური და საჭირო ცვლილებები განათლების სისტემაში, რომლის თაობაზეც იქნება მიღებული შესაბამისი დანაწესები, რაც გულისხმობს პრაქტიკულად ახალ მოდელზე გადასვლას.
ასევე, ბოლონიის პროცესის წარმართვისთვის და იმისთვის, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, შესაბამის რეგულაციებს კანონმდებლობა გაითვალისწინებს, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელს გახდის ქართველმა სტუდენტებმა ისარგებლონ ევროპული განათლებით," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.