
პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ ლობისტური საქმიანობის გამოყენებას თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ხელის გულზე ჩანს, რა არის მიზანი ე.წ. ლობისტური საქმიანობის“.
„გიული ალასანიას, კეზერაშვილისა და ამ პარტიის კონტრაქტები ვნახეთ, რომლის შემდეგ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ აღვირახსნილი დეზინფორმაციული კამპანია. ეს BBC-ის დეზინფორმაციასაც დაემთხვა. ხელის გულზე ჩანს, რა არის მიზანი ე.წ. ლობისტური საქმიანობის. არის არა ქვეყნის დიად ინტერესებზე ზრუნვა, არამედ გამიზნული შეტევა და კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. რატომ? – იმისთვის, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილოს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. მიზანი, რომ საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ამას ახორციელებენ. ფაქტია, რომ დეზინფორმაცია ტრიალებს და ტყუილებს ავრცელებენ, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. საბედნიეროდ, ამას საქართველოს მოსახლეობა აღარ იჯერებს. არაერთხელ ვნახეთ, მსგავსი კამპანიების მიზანი რა არის – ტყუილების გავრცელება, რათა მოსახლეობაში იყოს ბრაზი, შიში და მღელვარება“,- განაცხადა მახაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას“ გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner-ი, Reuters-ი, Newsmax-ი, The Hill-ი. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენისა და სენატორის ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
მანამდე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.