
უპირველეს ყოვლისა, BBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ, რომელიც ბრიტანეთშია, ვთქვით კიდეც, რომ ამისდა მიხედვით გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს, ამ საკითხს ბოლომდე ყველანაირად ჩავყვებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სუს-მა სიყალბე ამხილა.
„ჩავყვებით, როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებლის მხილებაში, ისე იმაში, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ, მათ შორის უცხო ქვეყნებისა და სახელმწიფოების თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ პირდაპირი ბრალდებები მოვისმინეთ ბრიუსელიდან, რომელიც ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან მოდიოდა იმისთვის, რომ ჰიბრიდული ოპერაციის ყალბი ნარატივი რამენაირად გაეძლიერებინათ. ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს რაიმე საკითხი აინტერესებს, საერთაშორისო ინსტიტუციებს, სუს-ს მიმართონ, ყველა საკითხს გააცნობენ. საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაცია მოხდა, დეზინფორმაციის, ყალბი ნარატივის გავრვცელებით. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს სიყალბე გამოგვეკვლია და გვემხილებინა. სუს-მა გამოძიება ჩაატარა და სიყალბე ამხილა. ხაზგასასმელია, თუ რამხელა მავნებლური იდეა იყო ჩადებული. მთელი სიუჟეტიდან საზოგადოებას მხოლოდ ერთი ფრაზა ახსოვს - პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. არ ვიცი, რამდენ წუთიანია ეს სიუჟეტი, მაგრამ სხვა საკითხები არც გასულა საზოგადოებაში, არ მაქვს ნანახი. სუს-მა ეს დეზინფორმაცია ამხილა. ახლა უნდა ვამხილოთ იმ ბუდეში, საიდანაც ეს დეზინფორმაცია წარმოიშვა და წამოვიდა, ამიტომაც მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას. ამაში იგულისხმება, რომ მარეგულირებელ კომისიას მივმართოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ტყუილს პასუხი გაეცემა.
„თუ საჭირო იქნება, სასამართლო იქნება ეს თუ სხვა, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, ბოლომდე ჩავყვებით, რათა დეზინფორმატორი ვამხილოთ. ეს იყო ტყუილი საქართველოს წინააღმდეგ. ახლა საკითხს უნდა ჩავყვეთ, ეს ტყუილი ვინ მოიგონა, რატომ, ვინ უწყობდა ხელს და ვინ თანამშრომლობდა საქართველოს წინააღმდეგ. პასუხი იმ საძაგლობას გაეცა, რაც BBC-ისგან მოვისმინეთ. ეს საძაგლობაა, რომელ საძაგლობასაც ქართველი მოღალატეები აჰყვნენ. გებელსისეული პროპაგანდაა - იმხელა ტყუილი უნდა თქვა, რომ ადამიანი დაფიქრდეს, ამხელა ტყუილსაც ხომ არ იტყოდნენო. BBC-ის სიუჟეტი რომ გებელსის პროპაგანდით არის დაკავებული, რომ ეთქვა საძაგლობა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომელიც არა თუ არ გამოუყენებია, არამედ დადასტურდა, რომ არც არასდროს ნაყიდი არ ყოფილა. ყველა ეს ნივთიერება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ნაყიდი. „კამიტი“ არასოდეს ყოფილა ნაყიდი. დიდი ალბათობით, ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ნამყოფი, თუ თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმემ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.