რეზონანსი
09.12.2025

უმაღლესი განათლების რეფორმისას ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან კომპონენტად „ხალხის ძალის“ საერთაშორისიო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს ბაზრის პროგნოზების კვლევაზე დაფუძნებულ ცვლილებებს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ბაზრის პროგნოზების კვლევა მნიშვნელოვანია, რათა რამდენიმე წელიწადში მთელ რიგ სპეციალობებზე მწვავე დეფიციტი არ შეიქმნას.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, დღეს შრომით ბაზარზე დეფიციტია სპეციალობების, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის განვითარებას. მისი თქმით, ეს სპეციალობები ძვირადღირებულია და კერძო უმაღლესი სასწავლებლები მათ ვერ დააფინანსებს.

„აუცილებელია უმაღლესი განათლების რეფორმა ეფუძნებოდეს ბაზრის პროგნოზების კვლევას და ამ კვლევაზე იყოს გათვლილი. რატომ მივიჩნევ ამას ძალიან მნიშვნელოვნად? იმიტომ, რომ ცალკეულ სპეციალობებზე არსებულ გამოწვევებზე კერძო უნივერსიტეტები ასე თუ ისე პასუხობენ და ამ მოთხოვნას შესაბამისი კადრების მიწოდებით უზრუნველყოფენ.

ხოლო, როდესაც საუბარი ეხება პროგნოზირებად სპეციალობებს, ისეთ კვალიფიკაციებს, რომლებიც საქართველოს დაჭირდება მომავალი 10-15-20 წლის განმავლობაში, აქ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ეს არის ის დარგი და სფერო, რომელსაც კერძო სექტორი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააფინანსებს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საქმე. ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია უდიდესი აქცენტი გაკეთდეს ბაზრის პროგნოზირებაზე და არა მიმდინარე მოთხოვნაზე. მიმდინარე მოთხოვნაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა ისეთი დიდი აქცენტით, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ. ამ მიმდინარე მოთხოვნებს კერძო სექტორიც ძალიან კარგად უპასუხებს და ისედაც აკეთებს ამას. ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი სპეციალობა, მაგალითად ბიზნესის, უცხო ენების, სამართლის, ფსიქოლოგიის მიმართულებით, რაზეც დღეისთვის გაზრდილია მოთხოვნა. კერძო უნივერსიტეტებეი უზრუნველყოფენ ამ სპეციალობებს.

მაგრამ ისეთი სპეციალობები, როგორიცაა მაგალითად გეოლოგი, ინჟინერი, ენერგეტიკოსი, ეს სპეციალობები, რომლებიც დღესაც კი დეფიციტურია და საჭიროა, შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო მეტად დაჭირდეს საქართველოს განვითარებას. სწორედ ამ, საკმაოდ მნიშვნელოვან და დაფინანსების თვალსაზრისით საკმაოდ ძვირადღირებულ სპეციალობებზე უნდა მოახდინოს სახელმწიფომ თავისი უპირველესი აქცენტის გაკეთება და კურიკულუმების და პროგრამების ჩამონათვალი, სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს გადანაწილებული,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×