
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ბლოკში თავისუფლებების კრიტიკა სხვა მიმართულებით უნდა იყოს. ევროპარლამენტის კომიტეტის წინაშე გაკეთებული ამ განცხადებით კალასი გამოეხმაურა ევროპის მიმართ აშშ-ში გამოხატულ კრიტიკას, მათ შორის ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტებს.
„აქ თავისუფლებებთან დაკავშირებული კრიტიკა სხვა მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. შესაძლოა, რუსეთისკენ, სადაც განსხვავებული აზრი, თავისუფალი მედია, პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც X, ფაქტობრივად, აკრძალულია“, – აღნიშნა კალასმა.
აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის მიმართულებით კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით კალასი ამბობს, რომ „ეჩვენება, ეს პროვოკაციისთვისაა გამიზნული“.
კალასმა ასევე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია აგზავნის ნათელ გზავნილს, რომ ჩვენ უფრო თავდაჯერებული უნდა ვიყოთ, რუსეთს როდესაც ეხება საქმე, დიახ, მაგრამ ასევე ჩინეთთან და ზოგჯერ ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, როგორიცაა შეერთებული შტატები. ევროკავშირი 27 ქვეყანაა, რომლებმაც ნებაყოფლობით აირჩიეს ერთად მუშაობა და კიდევ რამდენიმე გვყავს, ვისაც სურს გაწევრიანება. ეს ჩვენს ხარისხზე მეტყველებს“, – განაცხადა კალასმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა.