
რამდენიმე კვირაა, საქართველოს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგს შეფერხებებით ავსებენ. გაირკვა, რომ კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია.ნ“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ვირუსი ქართული მეფრინველეობის მსხვილი ფერმების დიდ ნაწილს უკვე მოედო.
ფრინველის გრიპი H9N2, რომელიც ახლაა გავრცელებული, დაბალ პათოგენურია (LPAI – Low Pathogenic Avian Influenza) – ფრინველიდან ადამიანზე უკიდურესად იშვიათად გადადის და მეტწილად მსუბუქად მიმდინარეობს. ამ შტამის ვირუსს ფრინველებში არ აქვს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა, თუ ვირუსს თან დაერთო ბაქტერიული ინფექციები, სიკვდილიანობა იზრდება, რადგანაც ვირუსი ქათმების იმუნურ სისტემას ასუსტებს.
ქათმის ფერმებს დიდი ზიანს აყენებს ისიც, რომ H9N2 დრამატულად, ზოგჯერ 40%-მდეც კი ამცირებს კვერცხის დებას, და აუარესებს კვერცხის ხარისხს.
არაერთი წყარო ადასტურებს, რომ ქსელურ მარკეტებში კვერცხის დეფიციტი მსხვილ ადგილობრივ ფერმებში ფრინველის გრიპის გამო კვერცხდების შემცირებამ გამოიწვია და ახლა მეწარმეები დანაკლისის შევსებას იმპორტით ცდილობენ – კვერცხის დამატებითი პარტია უკვე შემოვიდა თურქეთიდან და სომხეთიდან.
„რადიო თავისუფლება“ ესაუბრა ფერმერებს, ვეტერინარებს – ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა.
მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმაც იგივე თქვა მედიაკომპანია BMG-ს 4 დეკემბრის გადაცემაში. მან კვერცხის დეფიციტი იმპორტის შეფერხებითა და სხვა დამატებითი ფაქტორებით ახსნა. „რადიო თავისუფლებას“ კი უჩუმბეგაშვილმა უთხრა, რომ, “სადღაც რაღაცა შეიძლება არის, მაგრამ ისეთი, – როგორც დაცემები და, არიქა, კატასტროფა, – არავის ხმამაღლა არ უთქვია. სწორედ გამიგეთ, რაც ვიცი, იმას ვიძახი…
კი ბატონო, ვადასტურებ, რომ კვერცხი იმ რაოდენობით აღარ არის დახლებზე, ამიტომ, ალბათ, უნდა მოველოდოთ, რომ რაღაცები გამჟღავნდება. მაგრამ ამ ეტაპზე არავინ ასე, ოფიციალურად, დადასტურებულად, რომ ჩემთან გრიპი იყო ან არის, არ იძახის. შეიძლება, ჰქონდეს და არ თქვას, შეიძლება, არ იცოდეს. ამ ეტაპზე გაცხადებული არ არის”, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.