
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების 2-კომპანიას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები დაუდგინა, - ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კერძოდ, მომხმარებლების მიერ სააგენტოსთვის მიმართვისა და GCCA-ის მიერ განცხადებების შეფასება-შესწავლის შედეგად, შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ და შპს „სფეის კარგოს“ მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დადასტურდა.
„შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ შემთხვევაში, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც მოვაჭრის საზღვარგარეთის მისამართზე მისული ამანათი არ აისახა მომხმარებლის პირად კაბინეტში, ხოლო მომხმარებლის მიერ GCCA-ისთვის მომართვის გამო მოვაჭრემ მას, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუზღუდა, რაც სააგენტოს მიერ ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობად შეფასდა. ამასთან, საქმის შეფასება-შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლებს არ მიეწოდებათ მომსახურების არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რაც უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს.
რაც შეეხება შპს „სფეის კარგოს“, მომხმარებლებმა მიმართეს სააგენტოს განცხადებით, რომლებიც მოვაჭრის მხრიდან ნაკლოვანი მომსახურების გაწევის ფაქტს შეეხებოდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ამანათის საქართველოში ჩამოსვლისას, მისი ტრანსპორტირების ღირებულება მომხმარებელს დაუანგარიშდა შეთანხმებულისგან განსხვავებული ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ - ამანათის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოვაჭრემ უარი განაცხადა. საქმის შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა კომპანიის მხრიდან უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი. გარდა ამისა, მოვაჭრემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საზღვარგარეთ მიღებული ამანათის საქართველოში ჩამოტანის ნაწილში არაჯეროვნად შეასრულა - მომხმარებელს არ მიეწოდა საზღვარგარეთის მისამართზე მიღებული ამანათი.
სააგენტოს გადაწყვეტილებებით მოვაჭრეებს დაევალათ მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.