რეზონანსი
10.12.2025

კვლევები გვიჩვენებს, რომ გამოყენებული არ ყოფილა ასეთი მომწამლავი ნივთიერება და შსს-ს საერთოდ არ აქვს. ყველაფრის ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვეღარ ცნობდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. 

ვოლსკის თქმით, „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია.

„სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, რადგან „ბიბისი“ იქნება თუ სხვა, ასეთი დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს. ნაჩვენები კადრები ლაბორატორიის ხედებს მოიცავს, სადაც თითქოს კვლევები ჩატარდა. ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, არანაირ კვლევას არ ეყრდნობიან. კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთი მომწამლავი ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა და შსს-ს საერთოდ არ აქვს. ყველაფრის ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ ფოტო, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვეღარ ცნობდა. სარჩელზე მუშაობა დაწყებულია. არავის სიამოვნებს, როცა უწევს, ადამიანების მიმართ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი გამოიყენოს. პროპაგანდის ტრენდი, რომელიც ამ მედიასაშუალებებმა შეარჩიეს, იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არაჰუმანურია ადამიანის მიმართ რაიმე ზემოქმედების მქონე ნივთიერების გამოყენება. არც ხელჯოხის გამოყენებაა ჰუმანური, მაგრამ ვინც ამ ჯახს ორგანიზებას უკეთებს, პასუხისმგებლობა უფრო მათზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც ამაში მონაწილეობენ. ვინც ქუჩაში არიან გამოსული და რაღაცას აპროტესტებენ, ხშირ შემთხვევაში ბრმა იარაღი არიან იმ ადამიანების ხელში, ვინც ამის ორგანიზებას ახდენენ. ზუსტად იციან, რომ რაღაც ნივთიერება გამოყენებული იქნება - წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. ევროპაში ადამიანები ცხენებით გადათელეს და ძაღლები მიუქსიეს. პასუხი იმათ მოსთხოვეთ, ვინც ადამიანებს ექსტრემიზმის გეგმას უსაფუძვლოდ უნერგავენ და თან აბსოლუტურად უმიზეზოდ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×