
ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ სრულად ვეთანხმებით ბრიუსელის მაღალჩინოსნებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც პარტნიორებზეა საუბარი, მის შიდა საქმეებში ხელს არავინ უნდა აფათურებდეს.
„ღიმილისმომგვრელია მათგან ეს განცხადებები, როდესაც გვახსოვს მთელი წლების ისტორია, სხვადასხვა ფორმით დღემდე როგორ აგრძელებს ბრიუსელი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. როდესაც ამერიკასთან მიდგა საქმე, უცბად თავი ჩაქინდრეს და მერე გაახსენდათ საერთაშორისო სამართალი და ჩაურევლობის პრინციპი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ. საქმე ეხება შეერთებული შტატების კრიტიკას. „არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, - ამბობენ ანტონიუ კოშტა და კაია კალასი. ეს მაშინ, როცა საქმე მათ ეხებათ. საქართველოს შიდა საქმეებში კი, მაგალითად, კაია კალასი ხშირად ერევა. ამ თემაზე დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, კალასის განცხადება ერთადერთ კონტექსტში შეიძლება იყოს სიმართლე, რომ მას საქართველო ქვეყნად არ მიაჩნია.