
მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ძლიერია, რომელიც ამბობს, რომ კრიზისი არ აქვს, რომელიც ამბობს, რომ მართავს მთლიანად მთავრობას, რეფორმები აქვს, ეკონომიკური წარმატება და სინამდვილეში, მათი ყოველდღიურობა განპირობებულია იმ, მათივე თქმით, 150 კაცის პროტესტით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.
ცქიტიშვილის შეფასებით, ძალიან არასერიოზულია ხელისუფლების ნაბიჯები, რომელიც აცხადებს, რომ პროტესტს რამდენიმე ადამიანი მართავს და სინამდვილეში ამ პროტესტის ცხოვრებით ცხოვრობს.
„ეს ყველაფერი აბსურდამდეა მისული იმიტომ რომ თუ დიქტატურის ჩამოყალიბება უნდათ და ფაქტია, ამას ცდილობენ, ეს ასე არ კეთდება, ასეთი აბსურდებით არ ხდება. არ მგონია, ბელარუსში ასეთი კანონები იყოს, რომელიც ტროტუარზე პროტესტს კრძალავს. შეგიძლია, მთლიანად აკრძალო პროტესტი, მიიღო არადემოკრატიული კონსტიტუცია, მაგრამ ასეთი სისულელეებით ვერ აკრძალავ პროტესტს იმიტომ რომ სერიოზულად არ გამოიყურება ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნოა პატიმრობაც, სასჯელებიც, ჯარიმებიც და ა.შ. მაგრამ მართლა არასერიოზულად გამოიყურება და ვეცდები, ავხსნა რატომ - ვერ წარმომიდგენია, ასეთ ვითარებაში იყოს ხელისუფლება შემდგარ ავტოკრატიაში (როგორიც რუსეთი და ბელარუსია), როდესაც იმ “პატარა” პროტესტის, რომელსაც 50-კაციან პროტესტს ეძახიან, ამ პროტესტის ცხოვრებით ცხოვრობს იმის ნაცვლად, რომ სათავისო რეჟიმი ააწყონ.
მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ძლიერია, რომელიც ამბობს, რომ კრიზისი არ აქვს, რომელიც ამბობს, რომ მართავს მთლიანად მთავრობას, რეფორმები აქვს, ეკონომიკური წარმატება და სინამდვილეში, მათი ყოველდღიურობა განპირობებულია იმ, მათივე თქმით, 150 კაცის პროტესტით, სხვაზე არაფერზე არ ფიქრობენ”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის გეგმაზე, ჩუღურეთში, ყოფილი „არსენალის მთაზე" „სამთავრობო ქალაქის“ აშენების შესახებ. ცქიტიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, „შავი ფული“ ძალიან ღირებულ ქონებაში დააბანდოს და ის შენობები იყიდოს, რომელიც საკმაოდ ძვირფასია.
„როგორც განათლების რეფორმის შემთხვევაში, ახლაც მგონია, რომ შენობების ყიდვა უნდათ. ძალიან ბევრი „შავი ფული“ აქვთ და უნდათ, რომ იყიდონ საქართველო ანუ ივანიშვილს უნდა, რომ კონკრეტულად საქართველოს ფლობდეს. შეიძლება ეს პარლამენტის შენობა იყოს, შეიძლება ეკონომიკის სამინისტრო იყოს ან სხვადასხვა შენობა. ჭავჭავაძეზე რამდენიმე შენობა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. შეიძლება პირველი და მეორე კორპუსი არ გაყიდონ, მაგრამ იქ არის მეხუთე კორპუსი, იქ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი. როგორიც არ უნდა იყოს ეკონომიკური დინამიკა, იქ ძალიან ძვირფასი ქონებაა და ეს ქონება ფასს არ კარგავს. ამდენი ფული სად წაიღონ, თუ არა უძრავ ქონებაში. ჩვენ ხომ ვერ ვიყიდით იმ შენობებს, აქ კიდევ რეალური, დასავლური, მაღალტექნოლოგიური ინვესტორი არ შემოვა. ამათ აქვთ უზარმაზარი „შავი ფული“, მოპარულ ასობით მილიონზეა საუბარი, რომელიც სადღაც უნდა დააბანდონ. მათ სურთ, რომ კონკრეტულად საქართველოში ფლობდნენ ყველა ძვირფას შენობას”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მან ასევე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელიც მან საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ცქიტიშვილმა ხაბეიშვილს ურჩია, ჯერ საკუთარ პარტიაში დაალაგოს პრობლემები. მისივე თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზატორები ვალდებულები არიან, საზოგადოებას უთხრან სიმართლე, რა მოხდა და ვინ შეიყვანა ისინი შეცდომაში.
„პატიმარ ადამიანზე რთულია ხოლმე კრიტიკულად ვისაუბრო, მაგრამ პირველი, რასაც ვურჩევდი, არის ის, რომ საკუთარ პარტიაში, სადაც იყო დისონანსი მათი ქმედებების გამო და იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, კარგი იქნებოდა, თუ ჯერ შიგნით დაალაგებდა და გარკვეულ კონტექსტს დაიცავდა. სანამ მე ვიღაცას ალიანსის გაკეთებას შევთავაზებ, როგორც მინიმუმ, იმ წრეში და იმ პოლიტიკურ ფარგლებში უნდა მოხდეს ეს, რომელშიც ხარ, მერე შეიძლება საუბარი დანარჩენზე. მითუმეტეს, მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბრის მერე, ე.წ. არშემდგარი რევოლუციის მოთავეებს აქვთ ვალდებულება, მოყვნენ, ვინ აგულიანებდა იმიტომ, რომ ვიღაცამ ძალიან მცდარი და ტყუილი ინფორმაცია მისცა მათ, რომელიც შეჰპირდა რაღაცებს და სინამდვილეში არაფერი არ მოხდა. ეს არის პასუხისმგებლობა იმ ხალხის მიმართ, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ მოხვდა ციხეში, რომელიც მართლა გულანთებული მივიდა იქ და ხაფანგში აღმოჩნდა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.