
გარიყული და იგნორირებული: რეალობა, რომლის წინაშეც ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი აღმოჩნდება, თუ ის ევროკავშირის გეგმას ჩაშლის, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
სტატიის თანახმად, ევროპის სტრატეგია ბელგიელების დასარწმუნებლად, რომ უკრაინის დაფინანსების გეგმას მხარი დაუჭირონ, მდგომარეობს გაფრთხილებაში, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათაც უნგრეთის მსგავსად მოეპყრობიან.
"18 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის ლიდერების მთავარი ამოცანა იქნება ბარტ დე ვევერის, ბლოკის უახლესი "ბოროტმოქმედის" დარწმუნება. ბელგიის პრემიერ-მინისტრი ვეტოს ადებს მათ მცდელობებს, უზრუნველყონ უკრაინისთვის 210 მილიარდი ევროს სესხი, რადგან ქვეყანა უზარმაზარი ფინანსური ხვრელის წინაშე დგას და რუსეთთან ომი გრძელდება. დე ვევერი იმდენად ჯიუტად ეწინააღმდეგება სესხის გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსების გეგმას - რომლებიც, როგორც ირკვევა, ძირითადად ბელგიაშია განთავსებული - რომ ბლოკის სხვადასხვა კუთხიდან დიპლომატები ახლა მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სტრატეგიებზე მუშაობენ", - წერს POLITICO.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დე ვევერი ჯერჯერობით თავს იკავებს შემდგომი ქმედებებისგან იმის შიშით, რომ ბელგია ვალში აღმოჩნდება თანხების დაბრუნების შემთხვევაში და ახლა დამატებითი დაცვის მექანიზმები ითხოვს. თითქმის ყველა რუსული აქტივი ბრიუსელში არსებულ ფინანსურ საცავში, Euroclear-შია დაცული.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ბელგიის პრემიერს სურს, რომ ევროკავშირმა ფინანსური გარანტიებისა და გაზრდილი დაცვის გარდა, პოტენციური სამართლებრივი დავების და მორიგების დასაფარად დამატებითი ფულადი ბუფერი უზრუნველყოს - ამ იდეას კი, ბევრი ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.
"ბელგიამ გაგზავნა შესწორებების სია, რათა დარწმუნდეს, რომ სანქციების მოხსნის შემთხვევაში მხოლოდ მას არ მოუწევს თანხის მოსკოვისთვის დაბრუნება. დე ვევერმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს რეპარაციების სესხს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - წერს გამოცემა, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ "ბელგიის ლიდერი იგნორირებული იქნება ისევე, როგორც უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, დემოკრატიის უკუსვლისა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო.