რეზონანსი
11.12.2025

დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით,  საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.

„მივესალმები 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ივნისს შეკრების შეწყვეტის ღონისძიებისას, სახელმწიფოს ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული შტურმის მოსაგერიებლად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არის დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება. 

ცალკეულ შემთხვევებში, რასაც ჩვენვე წლებია ვადასტურებთ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი მხრიდან ძალის არაპროპორციულობას, კერძოდ, კინეტიკური საშუალებების, არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიები) გამოყენების შემთხვევებში, რაც, სასამართლოს განმარტებით, მათ შორის ეფუძნებოდა არასათანადო რეგულაციებს. საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.

დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში. 20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და ამ დანაშაულის ავტორები და ორგანიზატორები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას. პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის უტიფარი ტყუილი“, - წერს ბერდია სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×