
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა 20 ივნისის საქმეზე ვერდიქტი, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება პირველ საათზე გამოაცხადეს. 17 მსაჯულის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მაშინ, როცა სამართალდამცველებზე თავდასხმა ან სახელმწიფო ორგანოებზე შტურმი ხდება. 20 ივნისის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა დაადგინა, რაც არასათანადო მოპყრობას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ 20 ივნისს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, საპასუხო ღონისძიება კი ისე იყო დაგეგმილი, რომ ძალადობრივ პროცესებში მონაწილე პირების გარდა, აქციის სხვა დემონსტრანტებიც დაზიანდნენ. მსაჯულთა ვერდიქტში წერია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს პარლამენტზე შტურმი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა წაახალისეს.
დიდი პალატის ვერდიქტამდე კი იყო 2024 წლის 7 მაისს მცირე პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპულმა სასამართლომ მაშინ გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ხარვეზები დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას სისტემური გამოძიების ჩატარებაც დაავალა. რამდენად სწორად მოხდა შსს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა და რამდენად შესაძლებელი იყო ზიანის შემცირება - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ქართულმა საგამოძიებო უწყებამ არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა. 12 ნოემბერს კი პროკურატურამ შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს - გიორგი გახარიას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს პროკურატურის გამოძიებასთან - იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დიდი პალატის გადაწყვეტილებამ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი საბოლოოდ დაუსვა.
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის მიუხედავად, გახარიას გუნდში მაინც ამტკიცებენ რომ შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ამის დასადასტურებლად, გახარიას გუნდი სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენას აანონსებს.
"ქართული ოცნებისთვის" კი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ის დაადასტურა, რაზეც მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია აპელირებს, რომ სახელმწიფოს აქვს სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება, მაშინ როცა აქცია ძალადობრივ სახეს იღებს. ქართული ოცნების ლიდერები ახლა გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ექსპრემიერმა ქვეყანა სწორედ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით დატოვა.
2019 წლის 20-21 ივნისს აქციების დროს დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა.