რეზონანსი
13.12.2025

კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს - მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი,- ამის შესახებ “ლელო -ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც თურქმენეთში გამართულ ფორუმზე ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა,

მისი თქმით, კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, სამაგიეროდ კი „ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას ავტოკრატებთან ერთად”.

„კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტია, სამაგიეროდ ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას რუსეთის, ირანის და პაკისტანის ლიდერებთან და სხვა ავტოკრატებთან ერთად, რომელთა რიგებში დგას მშვიდობის უდიდესი მტერი, ქართველთმოძულე და ოკუპანტი პუტინი. ჰეზბოლას პანაშვიდების შემდეგ, კობახიძემ საბოლოოდ იპოვა საკუთარი ადგილი აშხაბადის კონფერენციაზე, ხოლო ოცნების სპიკერების თქმით, თურმე სწორედ აქ ყოფილა საქართველოს მომავალი.

მაგრამ, ეს მხოლოდ კობახიძის ადგილია და არა ქართველი ერის ადგილი, აქ კობახიძის მომავალია და არა ქრისტიანი, ევროპელი, თავისუფალი ქართველი ერისა, რომელმაც ამ ავტოკრატიულ ბინდს საუკუნეების წინ ამჯობინა ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია, ევროპის ერთა ოჯახში სრულფასოვანი ადგილის მოძიება, წესებსა და კანონებზე დაფუძნებული მშვიდობიანი პოლიტიკური სივრცის წევრობა, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს, კეთილდღეობას და კანონიერებას ემყარება.

უმთავრესი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ კობახიძე ცდილობს აშხაბადის ღირებულებათა ღერძით ჩაანაცვლოს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის ღერძი, ეს ფორმატი შემოგვთავაზოს საპირწონედ იმისა, რასაც თავად სპობს და ანგრევს - დაცული და უსაფრთხო ევროპული მომავალი.

კობახიძის საგარეო პოლიტიკა არაორგანული ანტისხეულია. ის ისევე არ არის თავსებადი არაფერ ქართულთან, როგორც ეს მძარცველი რეჟიმი არ არის თავსებადი ღარიბი ქართველი ერის გამოწვევებსა და პრიორიტეტებთან.

პარალელურად, დღეს სააშკარაოზე გამოვიდა ოცნების რეჟიმის ე. წ. მშვიდობის არსიც. ვისაც სურს გაიგოს რას გულისხმობს „ქოცი“ მშვიდობაში, ამიერიდან კიდევ უფრო ნაკლები ფიქრი დასჭირდება - მშვიდობაში „ქოცები“ გულისხმობენ სწორედ პრორუსულ ავტოკრატიას, ნეიტრალიტეტს რუსულ ორბიტაზე და სხვადასხვა შავბნელ დიქტატურასთან ალიანსში ყოფნას.

ფაქტი სახეზეა: მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი”, - განაცხადა გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×