რეზონანსი
13.12.2025

ჩვენ დარწმუნებული ვართ, „იგლ ჰილსის“ პროექტი ახალ ხარისხს, ახალ სტანდარტსაც შემოიტანს ჩვენი ქვეყნის დეველოპერულ, ისევე როგორც სტუმარმასპინძლობის სექტორში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტების რეალიზება მოხდება ბაზარზე ადეკვატური, კონკურენტუნარიანი პირობებით. 

„თავად ინვესტორს ეს პოზიცია უკავია და რა თქმა უნდა, მიმართულება არის ის, რომ, სულ მცირე, 60% და, შეიძლება, მეტნი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესდებიან განსაკუთრებით დედაქალაქში, ისევე როგორც გონიოს პროექტით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პროექტების რეალიზება მოხდება ბაზარზე ადეკვატური, კონკურენტუნარიანი პირობებით. ეს იქნება ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. ასევე, მეორე მხრივ, აღნიშნული კომპანია არის ძალიან მაღალი სტანდარტების შემქმნელი ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, ყველა ევროპულ ქვეყანაში, სადაც პროექტებს ავითარებს და განუვითარებია, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ დასაქმდება სამშენებლო და შემდეგ უკვე მომსახურების ეტაპზე, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ უმთავრესად და უპირობოდ, დაწყებული სამშენებლო ეტაპიდან, მაქსიმალურად უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული კომპანიების ჩართულობა აღნიშნული პროექტის განვითარებაში.

„მეორე მხრივ, ღირებულება, რასაც ეს ინვესტიცია ქმნის, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უნდა მოხმარდეს ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის ზრდას. ეს არის ჩვენი მკაფიო და ურყევი პოზიცია. მათ შორის, ინვესტორის მხრიდანაც მკაფიოდ, საჯაროდ არის დაფიქსირებული, რომ მას უნდა ადგილობრივი რესურსის გამოყენება, რომ შეძლოს, დამატებითი სიკეთე მოიტანოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ პროექტის საწყის ეტაპებზე უკვე ქართული კომპანიები არიან ჩართული სრულად პროექტის შემდგომი განვითარებისა და დაგეგმარების პროცესში. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, როდესაც პროექტი უკვე უშუალოდ აქტიურ ფაზაში გადავა, ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ქართულ კომპანიას, იქნება ეს სამშენებლო თუ არამხოლოდ. რაც შეეხება დასაქმების ნაწილს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პროექტი გონიოში და დედაქალაქში შექმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღირსეულ, ახალ დამატებით 24 ათას სამუშაო ადგილს, ხოლო შემდგომში უკვე 8 000 სამუშაო ადგილს ორივე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არავითარი საგამონაკლისო წესი არსებულ პროექტზე არ იმოქმედებს და სტანდარტული პროცედურების დაცვით მოხდება თითოეული იმ ნებართვის გაცემა, რომელიც აუცილებელია.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას რესურსი, რომ ამ ტიპის პროექტი თავად განეხორციელებინა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს რესურსი ბიზნესსაქმიანობაში რამდენად უნდა შევიდეს, ალბათ სადავოც არ არის.

„ეს არის წმინდა ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც გონიოსა და დედაქალაქში განვითარდება ახალი საცხოვრებელი სივრცეები, განთავსების ობიექტები, რესტორნები. ტერიტორიის ათვისებას რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრმაც თავის გამოსვლაში არაერთხელ აღნიშნა, რომ, მათ შორის, კრწანისის ტყე-პარკის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის, თუ სწორედ მახსოვს, დაახლოებით, 143 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნებოდა საჭირო, მაშინ როდესაც აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში აღნიშნული ტყე-პარკის სრული რეაბილიტაცია მოხდება უშუალოდ ინვესტორის მხრიდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ, მოვიზიდოთ სწორი ინვესტიციები, რათა უზრუნველვყოთ აღნიშნული ინვესტიციებით კონკრეტული დარგების განვითარება. სახელმწიფომ უნდა მიხედოს იმ საქმეს, სადაც მისი მანდატია უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ შორის, როგორიც არის რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმარება-განვითარება, იქნება ეს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი თუ მაგისტრალური გზების მშენებლობა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×