
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ, აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობა არც თუ ისე შორს არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ის აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს, რა დროსაც აგრეთვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს განიხილავს.
„პუტინთან შეხვედრის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამშვიდობო გეგმის განხილვის საშუალება აშშ-ის პრეზიდენტთან ტრამპთან მოგვეცემა. მშვიდობა არც თუ ისე შორს არის, ჩვენ მას ვხედავთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც სააგენტო იუწყება, პარასკევს გამართული შეხვედრის დროს ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ დროებითი ზავი, რომელიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და პორტების დაბომბვას შეაჩერებდა, ხელსაყრელი იქნებოდა ორივე მხარისთვის.
„შავი ზღვა ბრძოლის ველად არ უნდა იქცეს. ასეთი რამ რუსეთსა და უკრაინას მხოლოდ დააზიანებს. ყველას სურს უსაფრთხო ნაოსნობა შავ ზღვაში. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.