
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით იცვლება, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, პროცესუუნარო გახდა და მკურნალობას საჭიროებს. საპროცესო კანონმდებლობაში ახალი ტერმინი - "პროცესუუნარო" შემოდის.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონის პროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს.
აქამდე არსებული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.
აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ინიციატორი დეპუტატების განმარტებით, კანონპროექტი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნაში აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ იგი სულ მცირე ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსს და ჰქონდეს ადვოკატთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. შესაბამისად, "იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, ისეთი საპროცესო მოქმედებები განახორციელოს, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და რომელთა სრულყოფილად ჩანაცვლება ვერ მოხდება, თუნდაც საუკეთესო ადვოკატის მიერ, კონსტიტუციის მოთხოვნებს არ პასუხობს".
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ახალი ტერმინი "პროცესუუნარო" ემატება. პროექტის თანახმად, პროცესუუნარო პირი - ეს არის ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ შესწევს უნარი ისეთი საპროცესო მოქმედება შეასრულოს, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ პროცესუუნარო გახდება, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება. 3 თვის გასვლის შემდეგ კი, პროცესი გაგრძელდება.
სასამართლო გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად გამოიტანს.
ამავე პროექტით, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა - აღნიშნული ვადა შეჩერდება.