რეზონანსი
16.12.2025

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვას ჰააგის უმაღლეს დიპლომატიურ კონფერენციაზე აპლოდისმენტები მოჰყვა. ქართველმა დიპლომატმა უკრაინას საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და ევროპელ ლიდერებს ოფიციალური თბილისის პოზიცია მორიგ ჯერზე შეახსენა. მაკა ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას, ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და ომის დასრულების შემდეგ უკრაინის გაძლიერების აუცილებლობაზე.

ქართველი დიპლომატი ნიდერლანდებში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოწვევით იმყოფებოდა. ალან ბერსემ, მაკა ბოჭორიშვილს პირადად უმასპინძლა. მოგვიანებით კი, ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე ბერსემ დღევანდელი დიპლომატიური კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ითქვა, რომ ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის საფუძველზე შეიქმნება კომისია, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ზარალის ანაზღაურებასა და კომპენსაციების მიღებაში დაეხმარება. კონვენციის ხელმომწერია საქართველოც.

მშვიდობისა და სამართლიანობის ქალაქში დიპლომატიურ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე - კიდევ ერთხელ ხაზი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარების საკითხს გაუსვა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ევროპელ ლიდერებს და წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლის და პოზიციების დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა მედიასთან. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელს რეიკიავიკის კონვენციასთან შეერთება საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია. ახალი კომისია უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში დაეხმარება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მხარდაჭერას და პოლიტიკური მანიპულაციის სივრცეს არ ტოვებს.

უმაღლესი დონის დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში დასრულდა. საერთაშორისო კომისია კი მუშაობას 2026 წლის იანვრიდან დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×