რეზონანსი
17.12.2025

თბილისში, 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ოთხ ფიზიკურ პირსა და ერთ კომპანიას მიწას იძულებით ჩამოართმევენ - ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

ექსპროპრიაციის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმართა. ფონდი განმარტავს, რომ იმ პირებთან, რომლებსაც საკუთრებას იძულებით ჩამოართმევენ, გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

უფრო კონკრეტულად, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ქონებას იძულებით ჩამოართმევენ შემდეგ პირებს: ნაზმი ილმაზს (540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

რუშდი ალბატელს (540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

იაჰია ჰანი იაჰია მუბარაკს (600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

შპს „ზენიტ ფროფერთის“ (400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

ნასერ ალტორის (350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).

შეგახსენებთ, 2025 წლის 25 ნოემბერს თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა. მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა სატენდერო პირობების გადახედვა.

მოგვიანებით, თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტი ამოღებულ იქნა 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კორექტირებული დოკუმენტიდან, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველადი ვერსიით 2026 წელს სტადიონის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იყო 6.5 მლნ ლარის დახარჯვა, 2027-2028 წლებში იგეგმებოდა 240 – 240 მლნ ლარის, 2029 წელს კი 189.5 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა, პროექტი ბიუჯეტიდან ამოღებულია. მთლიანობაში, თბილისში ახალი სტადიონის ასაშენებლად 876 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×