
"ეს ტექსტები, ეს ნარატივები, ეს უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ევროკავშირისგან, ბრიუსელისგან, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტს გამოეხმაურა.
მახაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ქმედებებით ჩანს, რომ საქართველომ უნდა თქვას უარი საკუთარ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და მართვის მთლიანი სადავე ბრიუსელს გადასცეს.
"გაუქმეთ გამჭვირვალობის კანონი, გააუქმეთ ოჯახური ღირებულებების კანონი, დაახლოვდეთ სავიზო პოლიტიკა ევროკავშირთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, რუსეთთან, ბელარუსთან, ირანთან და სხვებთან, რომელთანაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. ანუ საქართველომ უნდა გააუქმოს თავისი საგარეო პოლიტიკა, უნდა გააუქმოს თავისი უსაფრთხოების პოლიტიკა და მთლიანად მართვა უნდა გადასცეს პირდაპირ ბრიუსელს.
როცა მოწოდებებია: "ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ" - რა ვიცი, დააწერონ ქვეყანას პირდაპირ "გაუქმებულია, გაუქმებულია" და თავად აიღონ ქვეყნის მართვა ხელში. ხშირად ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა, როცა "პოლიტიკურ პატიმარს" უწოდებ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს თავს ესხმიან. ყველა კანონი, რომელიც ემსახურება ქვეყნის დაცვას არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ჩვენ არ ვაპირებთ, სხვა საკითხების სანაცვლოდ," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს დაკავებულები, გააუქმოს კანონები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საუბარია მოლოდინზეც, რომ ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრით, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით.
ამ დოკუმენტზე კონსენსუსის არარსებობის გამო, ტექსტი თავმჯდომარეობის სახელით გავრცელდა, რადგან პროექტს მხარი ერთმა დელეგაციამ არ დაუჭრა.