
"მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არ აქვს მომავალი, ადგან ერის სულიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ის წარმოადგენს"
ილია მეორე
მეცნიერება, რომელიც სულიერი კულტურის შემადგენელი ნაწილია, უდიდეს როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოებაში, ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში. მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა, რომელიც საზოგადოებაში წარმოიქმნება, მხოლოდ მეცნიერებით არის შესაძლებელი. მეცნიერებამ და მისი მიღწევების საფუძველზე დამუშავებულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა თანამედროვე ცხოვრება, არსებითად აამაღლა ცხოვრების დონე. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გამალებული ცვლილებები კაცობრიობის წინაშე სახავს უდიდეს პერსპექტივებს, მაგრამ ამავე დროს ბადებს ურთულეს გლობალურ (ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ, ენერგეტიკულ და სამხედრო) პრობლემებს.
მეცნიერების მნიშვნლოვან კრიტერიუმს წარმოადგენს სამყაროს მეცნიერული შემეცნება. მეცნიერება დიდი ხანია გაქრებოდა, ის რომ მხოლოდ პრაქტიკულ ამოცანათა გადასაჭრელად იყოს მიმართული. შილერი ამობობდა: ,,მეცნიერება ზოგისთვის ზეციური ქალღმერთია, ზოგისთვის კი მეწველი ძროხა, კარაქით რომ ამარაგებს.“
მეცნიერებას უნდა ჩამოცილდეს შემთხვევით გამეცნიერებული, გრანტიჭამია პლაგიატორები, რომელთაც არავითარი შეხება არ აქვთ მეცნიერებასთან. ნაპოლეონი ამბობდა: ,,ყველაზე დიდი უზნეობაა, როცა იმ საქმეს კიდებ ხელს, რომლის არაფერი გაგეგება.“ დიდ მეცნიერსა და მოაზროვნეს ავიცენას მიაჩნდა, რომ ,,ჭეშმარიტი მეცნიერება ჭეშმარიტ ადამიანთა ხელშია.“
მახსოვს, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის გამონათქვამი: ,,მეცნიერება არის ის, რაც შეუძლებელია, ხოლო ის, რაც შესაძლებელია, არის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი.“ დიახ, მეცნიერება არის შეუძლებლის ხელოვნება! მეცნიერების შეჩერება შეუძლებელია, სხვაგვარად ცივილიზაცია დაიწყებს ერთ ადგილზე ტკეპნას, ეს კი დაღუპვაა. მეცნიერების მიზანი ჭეშმარიტებაა! ხოლო მეცნიერების მიერ დაგროვილმა ცოდნამ უნდა მოუტანოს მსოფილიოს საყოველთაო მშვიდობა და კეთილდღეობა!
ბუნებასთან ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება ჩვენს პლანეტაზე ათასობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული წონასწორობის დარღვევის მიზეზი გახდა, რის გამოც თანამედროვე ცივილიზაციამ თავისი არსებობის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ყოველწლიურად დედამიწის წიაღიდან ამოაქვთ უზარმაზარი რაოდენობით სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, ნიადაგში შეაქვთ უამრავი შხამქიმიკატი და სასუქი. პლანეტაზე 4 მილიარდ ჰექტარზე მეტი უდაბნოა, ადამიანის ,,მოღვაწეობით“ უდაბნო წუთში 4 ჰექტრით იზრდება. სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ გამოიწვია საბრძოლო საშუალებათა შექმნა და კაცობრიობა თვითგანადგურების წინაშე დააყენა. ჩვენ ყველანი ვაგებთ პასუხს სიცოცხლისთვის დედამიწაზე.
ქიმიამ უდიდესი როლი შეასრულა ცივილიზებული კაცობრიობის მიღწევებში და ახლაც ასრულებს წამყვან როლს თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში. მაგრამ არსებობს ქიმიასთან ჩვენი ურთიერთობის ჩრდილოვანი მხარეც. ქიმიას ადანაშაულებენ იმაში, რომ ჰაერი, წყალი და საკვები აღარაა სუფთა, ბუნება კარგავს პირველქმნილ სისპეტაკეს. სინამდვილეში კი ყოველივე ეს ქიმიის კი არა, მისი მიღწევების უგუნურად გამოყენების ბრალია.
მეცნიერება საშიში ხდება, როცა მას მეცნიერებს ართმევენ. ასე იყო ატომური ბომბის, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის, სოფლის მეურნეობის გაუმართლებელი ქიმიიზაციის შემთხვევაში.
ამერიკელების კვლევის მონაცემებით, მეცნიერებას ქმნის მეცნიერთა 10%, ხოლო 90% დევნის მათ. გამოყოფენ მეცნიერთა სამ ეშელონს: 1. მეცნიერები, რომლებიც წინ მიდიან და ახდენენ გარღვევებს, ახალ აღმოჩენებს; 2. მეცნიერები, რომლებიც ,,ძოვენ“ ამ მინდვრებში; 3. მეცნიერები, რომლებიც აგროვებენ ნარჩენებს და უკანასკნელ ბალახსაც თელავენ ოდესღაც იდეებით ამწვანებულ ამ ველში. ძლიერი მეცნიერება იქ არის, სადაც ნაკლებია ამ უკანასკნელთა წილი.
,,ყოველი მამულისშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს, მთელის თავისი ძალ-ღონით - აღნიშნავს ვაჟა-ფშაველა - თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენად გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის.“
საქართველო აგრარული ქვეყანაა და, პირველ რიგში, ყურადღების ცენტრში უნდა დადგეს ყველა იმ მეცნიერული პრობლემის გადაჭრა, რაც წინ წაწევს ქვეყნის სოფლის მეურნეობას. ქართული ქიმიის კლასიკოსებმა პ. მელიქიშვილმა და ვ. პეტრიაშვილმა პატრიოტული მოტივებიდან გამომდინარე, რადიკალურად შეცვალეს თავიანთი მეცნიერული კვლევის პროფილი (ზოგიერთ საკითხებში პრიორიტეტიც კი დაკარგეს ამის გამო) და ხელი მოკიდეს საქართველოს სურსათ-სანოვაგის შესწავლას. შემდგომში, სამწუხაროდ, ქართული ქიმია არ დარჩა ამ დიდ ქიმიკოსთა ერთგული. ქართველი ქიმიკოსები ჯერ კიდევ ვალში არიან ბუნებრივ ნაერთთა შესწავლის საქმეში. ცნობილმა ქიმიკოსმა ორეხოვმა თავის დროს სწორი ორიენტაცია მისცა ქიმიის განვითარებას უზბეკეთში, გაითვალისწინა რა მისი ბუნებრივი რესურსების სპეციფიკა, საფუძველი ჩაუყარა ბუნებრივ ნაერთთა ქიმიას. დღეს ტაშკენტის სკოლა ამ მიმართულებით მსოფლიოშია ცნობილი.
საქართველოს მეცნიერული პოტენციალი აქტიურად უნდა მოხმარდეს ხალხის კეთილდღეობას. საქართველო მდიდარია უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებებით, მაგალითად, ჩეხმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი ზღვის პლანქტონი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ უნიკალურ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი მილიონი დოლარის მოგების მიცემა შეუძლია ქვეყნისთვის.
თანამედროვე საზოგადოებას არ შეუძლია მეცნიერების გარეშე არსებობა და განვითარება. მოსალოდნელი კატასტროფის ასაცილებლად საჭიროა ადამიანის ბედ-იღბლის გამგებლობა ყველა სფეროში პატიოსან, მაღალ პროფესიონალ ადამიანებს მივანდოთ. არისტოტელეს აზრით, ქვეყნის მართვა უნდა დაეფუძნოს მეცნიერებას - ცივილიზაციის უმაღლეს კულტურას.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძლიერ და წარმატებულ ქვეყნებში უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენდა მეცნიერება. მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებასა და მეცნიერებას. ლაშქრობაშიც კი დაჰყვებოდა წიგნებით დატვირთული აქლემები.
ასევე დავით აღმაშენებელს, სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ თუ სამოგზაუროდ, ყოველთვის თან დაჰქონდა წიგნები. იგი ამბობდა: ,,კაცთა მინიჭებული პირველი სიმდიდრე წიგნთმოძღვრებაი არს.“ დავით აღმაშენებლი სრულად ამართლებდა სოლომონის სიტყვებს: ,,ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის სიმტკიცე.“ არც ალექსანდრე მაკედონელს და არც დავით აღმაშენებელს არც ერთი ომი არ წაუგიათ. დავით აღმაშენებლმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში, დაარსა იყალთოს, გელათის, გრემის აკადემიები.
დიდად მფარველობდა მეცნიერებას და, ზოგადად, კულტურას თამარ მეფე, რამაც განაპირობა ,,ოქროს ხანის“ ჩამოყალიბება საქართველოში. თამარის მმართველობის დროს შეიქმნა ,,ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ეპოქალური ნაწარმოებები. აკადემიებში ისწავლებოდა მეცნიერების ძირითადი დარგები. საქართველოს საზღვარგარეთაც ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები (მაგალითად, ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე სირიაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა). საქართველოს სამეფოს უმაღლეს ორგანოში - სახელმწიფო დარბაზში - მეფის გვერდით ჯდომის პატივი ჰქონდა მხოლოდ ერთადერთ ვეზირს - მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელს. დარბაზს ესწრებოდა 26 მწიგნობარი.
მეცნიერების დიდი ქომაგი იყო საფრანგეთის იმპერატორი და ეროვნული აკადემიის წევრი ნაპოლეონ ბონაპარტი. მისი წყალობით გახდნენ ცნობილნი: ბერთოლე, ვოლტა, ამპერი, პასტერი... იმპერატორი თავად დადიოდა მეცნიერებთან ლაბორატორიებში, აჯილდოვებდა და ტიტულებს ანიჭებდა მათ, უშუალოდ მონაწილეობდა მეცნიერულ კვლევებში.
რაც უფრო ძლიერია მეცნიერება, მით უფრო მაღალია ცხოვრების დონე ქვეყანაში. აშშ მეცნიერებისთვის ყოველწლიურად ხარჯავს 900 მილიარდ დოლარს (სახელმწიფო სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის - 858 მილიარდ დოლარს), ჩინეთი - 500 მილიარდ დოლარს, იაპონია - 140 მილიარდ დოლარს, გერმანია - 130 მილიარდ დოლარს, რუსეთი - 80 მილიარდ დოლარს, დიდი ბრიტანეთი - 70 მილიარდ დოლარს.
განათლება, კულტურულ ღირებულებათა ხელმისაწვდომობა და მეცნიერების განვითარება ქვეყნის კეთილდღეობის ზრდის უპირველესი პირობაა. გონების პრიორიტეტი - აი, ის საშუალება, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის ხსნა და განვითარება.
ორიოდე სიტყვა მეცნიერთა სამჭედლოზე - დედა უნივერსიტეტზე, რომელსაც ქართველმა ხალხმა ცოდნის ტაძარი შეარქვა. იგი საუკუნეების წიაღიდან იღებს სათავეს. ცნობილი საგანმანათლებლო ცენტრი - ფაზისის აკადემია დაარსდა 1700 წლის წინ, მაშინ როცა პირველი უნივერსიტეტები ევროპაში შეიქმნა XI-XIII საუკუნეებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის წიაღშიც შეიქმნა მრავალი უმაღლესი სასწავლებელი, კორიფეები აღზარდა, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერების საგანძურში. უნივერსიტეტის დამაარსებელთა, აღზრდილთა და მოღვაწეთა - ივ. ჯავახიშვილის, პ. მელიქიშვილის, დ. უზნაძის, ივ. ბერიტაშვილის, ე. თაყაიშვილის, შ. ნუცუბიძის, გ. ახვლედიანის, ა. შანიძის, ა. რაზმაძის, ი. ყიფშიძის, კ. კეკელიძის, ა. ჩიქობავასა და მრავალ სხვათა ბიოენერგეტიკას დღესაც ინახავს უნივერსიტეტის კედლები და ამიტომაც წარმოადგენს იგი ქართველი ადამიანისთვის სიწმინდეს. გამოჩენილი მათემატიკოსი, პროფესორი ელენე ობოლაშვილი როცა აშშ-ში მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა, ჰკითხეს, თუ რომელი ქვეყნიდან იყო. როცა თქვა საქართველოდან ვარო, კონგრესის მონაწილეებს რეაქცია არ ჰქონიათ. მაშინ ქალბატონმა ელენემ განაცხადა: ,,მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელმაც მსოფლიოს მუსხელიშვილი და ვეკუა მისცა.“ ამის გაგონებაზე მთელმა დარბაზმა აღტაცება ვერ დამალა და ოვაციები მოაწყო.
მეცნიერებისა და განათლების გარეშე ვერ შევძლებთ ცივილიზაციის თანამედროვე დონის შენარჩუნებას.
რამაზ გახოკიძე
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
სახელმწიფო, ეროვნული და მელიქიშვილის პრემიების ლაურეატი