რეზონანსი
19.12.2025

საბოლოო ჯამში, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით, საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, ეს არის უკრაინა და ევროკავშირი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.

„ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი. ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის ევროკავშირის წუხანდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება გამარჯვებული. თუმცა, უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინას, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაენგრა ეკონომიკა, ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე. ევროკავშირს ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს უკრაინის ფინანასური და სამხედრო მხარდაჭერის ტვირთი. ამ ყველაფრისთვის ევროკავშირი იღებს სესხს, აძლევს უკრაინას. ამ სასესხო ვალდებულებებში ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს, შიდა პოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ამასაც ვხედავთ. ასე რომ, ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×