
პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში.
ევროკომისია ასკვნის, რომ „საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის“.
„მსგავსად, საქართველომ ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული.
ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს.
ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის…
მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ.
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია),” - ნათქვამია ანგარიშში.