რეზონანსი
23.12.2025

"მხნედ იყავი დედიკო და ყველაფერი კარგად იქნება" - ასე მიმართა დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს დედამ, მარინა კოტრიკაძემ. მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ოჯახმა და ადვოკატებმა სახალხო დამცველს მიმართეს, რათა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში თავისი შვილების ნახვა შეძლოს. 

მარინა კოტრიკაძის თქმით, სახალხო დამცველთან შეხვედრა ხვალ, თერთმეტის ნახევარზე გაიმართება. 

"ლევან ხაბეიშვილი გამოკეტეს ციხეში, ფაქტობრივად დაატყვევეს სამშობლოს სიყვარულისთვის, მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის და მათი ჯანმრთელობის დაცვისთვის. როგორც ვიცით, ლევანი სატელევიზიო ეთერებით მოუწოდებდა გდდ-ს თანამშრომლებს, რომ არ შეესრულებინათ უკანონო დავალება და ხელი არ აღემართათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის გამო, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს და პლუს ამას შეუზღუდეს ყველანაირი კომუნიკაცია. კომუნიკაცია მცირეწლოვან შვილებთანაც კი, ამის გამო მივმართე სახალხო დამცველს და ხვალ გვაქვს შეხვედრა თერთმეტის ნახევარზე, მე, ქალბატონი თეონა ჭალიძე და ლევანის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე უნდა შევხვდეთ სახალხო დამცველს. 

მე პირადად ლევანთან შეხვედრა არ მქონია, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ვნახულობ ჩემ შვილს, პროკურატურასთან გამართული აქციის შემდეგ, ერთჯერადად ბავშვებს მისცეს უფლება ერთი საათით, შუშის იქეთ შეხვედროდნენ მამას. ახლა მივმართეთ სახალხო დამცველს, დაგვეხმარონ ბავშვების უფლებები რომ იყოს დაცული, მე არ ვითხოვ პირადად შეხვედრას და ნამდვილად გამიჭირდება ჩემი შვილის ციხეში ნახვა. შვილებს შეახვედრონ თავისი მამა.

მხნედ იყავი დედიკო და ყველაფერი კარგად იქნება. მე მხნედ ვარ და ღვთის წყალობით ყველანი მალე გამოხვალთ გარეთ," - თქვა მარინა კოტრიკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×