
შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი - ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, 10-12 კაცს, ღია თუ დახურულ ფორმატში, პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა, იმიტომ, რომ დისკუსია არსებითად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა.
"ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ დიალოგი კონკრეტულ თემებზე ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ასევე, 28 ნოემბრის თემაზე, რაც ეხებოდა მოლაპარაკებების გახსნას. ორჯერ შევთავაზეთ ღია დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ორმა ადამიანმა გაბედა, თინა ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ და განაცხადეს მზაობის თაობაზე, რაც ჩვენ გაგვეხარდა, იმიტომ, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი. ნებისმიერ ფორმატში, სადაც და როგორც უნდოდათ, ისე ვაპირებდით დისკუსიაში მონაწილეობას. იმხელა ბულინგი წავიდა ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომ მათ მეორე დღეს უკვე თქვეს უარი. ესეც არის გარედან მიღებული დავალებები, რომ დისკუსია არ უნდა შედგეს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. სიძულვილის გაღვივების მთავარი ინსტრუმენტი არის დისკუსიის არარსებობა. ჯანსაღი დისკუსია ბუნებრივად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ მცდელობას. მიტომ, ისინი არ გვაძლევენ არც ერთ საშუალებას, იმისათვის, რომ დისკუსიაში შევიდეთ ადამიანებთან. შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი. ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, 10-12 კაცს, ღია თუ დახურულ ფორმატში, პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა, იმიტომ, რომ დისკუსია არსებითად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას.
ესეც გარედან დაგეგმილი პროცესის შედეგია - არ უნდა შედგეს არავითარი დისკუსია. ჩვენ დღესაც გამოხატავთ მზაობას, შედგეს ჯანსაღი დისკუსია ნებისმიერ თემაზე. ამის მაგივრად, ჩვენ გვესმის ორ სიტყვიანი კამპანიები. იყო რუსული კანონი, დღეს არის არაბული ქალაქი. იგივე, რაც შეეხება განათლების რეფორმას, ერთმანეთში ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ზოგს პროფესორი ჰქვია, ზოგს ექსპერტი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ დაბალი ხარისხი უმაღლესი განათლების სისტემაში. ერთ-ერთ მათგანს, ვინც ამ კამპანიას აორგანიზებს, ჰქონდა ჩემთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. სულ ორი სკითხი წამოჭრა - ერთი, იყო კონკრეტულ უნივერსიტეტებს რატომ უტოვებთ ამ ფაკულტეტებსო და ამაზე ვუთხარი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, ჯერ განსახილველია, რომელ უნივერსიტეტს რა რჩება და ა. შ. მეორე საერთოდ, საოცრება თქვა - უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩაიფიქრეს უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურული კუთხით ასე უნდა დარჩესო. ვერ გავიგე, რას ამბობდა, შემდეგ მითხრა, ვაკეში რომ არის აშენებული უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, იმიტომ აშენდა, რომ ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყოო. ჯერ პირველი კორპუსის ფოტო უნდა გქონდეს ნანახი 1918 წლის, რომ მიხვდე, რომ სისულელეს ამბობ. იმდენად უსუსურები არიან, მათ შორის, საკუთარ არგუმენტაციაში და იმდენად მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი მათი ნაბიჯები, რომ ვერ შემოდიან დისკუსიაში. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი, რომ სიძულვილი უნდა დარჩეს, დისკუსიისთვის არ უნდა არსებობდეს არავითარი პლატფორმა, ეს არის გარე დავალება და მეორე - არგუმენტები არ აქვთ. ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის.
არავითარ თემასთან დაკავშირებით არ სურთ დისკუსია, დიალოგი, დებატები. მონოლოგის რეჟიმში გამოდიან და ათას სისულელეს ამბობენ, იმიტომ, რომ ოპონენტი არ ჰყავთ და ეს არის ის, რაც აწყობთ - საზოგადოება უნდა იყოს გახლეჩილი. საზოგადოება არ უნდა იყოს არაფერზე შეთანხმებული - 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, ელემენტარულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თარიღის გახსენებასთან დაკავშირებით, არაფერთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა. ეს ხდება არა მარტო საქართველოში, ეს არის გარე დაკვეთა, რომ ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის თავსმოხვეული პოლარიზაცია, კონკრეტული, ლოკალური მიზანია ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ როცა სიძულვილი არის მოჭარბებული საზოგადოებაში, საზოგადოება მიდრეკილია იქითკენ, რომ ამ ყველაფერში დაინახოს ხელისუფლების ბრალი. ეს მარტივი გეგმებია - მღვრიე წყალში თევზის დაჭერის საუკეთესო საშუალებაა სიძულვილის გაღვივება. გარედან უნდა აამღვრიონ წყალი, იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარი მანკიერი ინტერესების მიღწევა. ამას ვაკვირდებით ამდენი ხანია.
იგივე ე.წ. კოჰაბიტაცია, ესეც თავსმოხვეული თემა იყო. შეგნებულად, დამნაშავეები, კრიმინალები დაგვიტოვეს ოპოზიციაში. თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, თავსმოხვეული პოლარიზაცია, თავსმოხვეული სიძულვილი, მუდმივი კამპანიები სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.