რეზონანსი
23.12.2025

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება - კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სუს-ის ყოფილი უფროსის. გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება. ამ მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ეს იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება, თუ პრაქტიკაში ამ მიმართულებით აღსრულება. პრემიერის განცხადებებიც გახსოვთ, ასევე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროს მისი განცხადება. ამ პროცესების ცხოვრებაში რეალურად გატარება ხდება. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება. კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება განსაკუთრებით, ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სხვა შესაბამისი უწყება თავის საქმეს ახორციელებენ“, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×