
ხელისუფლება რუსული დავალების შესაბამისად მოქმედებს - ცდილობს, ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად დაკარგონ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარდაუვალს გახდის.
„პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების განცხადება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა და რუსეთის დავალება არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს პოლიტიკა, რომელიც გარდაუვალს გახდის ევროკავშირის მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ მსოფლიოში არსებული ქვეყნებიდან მხოლოდ 40%-ზე ნაკლებს აქვს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან და ეს არის პრივილეგია, რომელიც ეფუძნება ძალიან კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებას შესაბამისი ქვეყნიდან. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არც მომავალში აპირებს ევროკავშირის არც ერთი მოთხოვნის შესრულებას, რითაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალ წელს დადგეს დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნების მხრიდან ვიზის გაცემა მკაცრდება. ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და ქართველი ხალხის ინტერესები არ აინტერესებს, ცხადია, მოქმედებს რუსული დავალების შესაბამისად. ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაკარგონ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პრივილეგია, რასაც ჰქვია ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა“, - განაცხადა სამადაშვილმა.