რეზონანსი
23.12.2025

 პროკურატურაში ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი ფეხით მისული გრიგოლ ლილუაშვილი ამტკიცებდა, რომ გამოკითხვაზეა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არაფერი იცოდა.

შენობაში ლილუაშვილის შესვლიდან რამდენიმე წუთში, გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას აცნობა, რომ ლილუაშვილი კორუფციისა და დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობის მუხლითაა დაკავებული. საუბარია 4 კონკრეტულ ეპიზოდზე, რომელშიც გიორგი გვარაკიძის თქმით, ლილუაშვილის დანაშაული იკვეთება. თურქი ბიზნესმენისგან, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის დროს ლობირებისათვის, გამოძიების ინფორმაციით, ლილუაშვილმა ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი მიიღო, ასევე მილიონ ნახევარი ლარი აიღო გიორგი ხაჟომიასგანაც, გაზიფიცირების ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ. ორივე საქმეში, როგორც შუამავალი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ფიგურირებს. მიქაუტაძე სუს-მა მიმდინარე წლის ივნისში, სწორედ კორუფციული გარიგებების გზით დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო დააპატიმრა. ყოფილი მაღალჩინოსანი ენერგეტიკის სექტორს კურირებდა, მას გამოძიება, კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ, ენერგო კომპანიებსა და ჰესებში წილების უკანონოდ მიღებას ედავება.

გრიგოლ ლილუაშვილს გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების მფარველობასაც ედავება. საუბარია ათობით ცენტრზე, რომელსაც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ახლო ნათესავის სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით მართავდა და დიდ შემოსავალსაც იღებდა. თავად, სანდრო ლილუაშვილი სუს-მა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სწორედ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით დააკავა, ის ათობით ბიზნესკომპანიას ფლობდა.

ლილუაშვილის საქმეში, მეოთხე ეპიზოდი, თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს ყოფილი უფროსის მფარველობას უკავშირდება. პროკურორის თქმით, კახა გვანცელაძე სუს-ის ექს უფროსის გავლენით, ბაღების მომარაგების კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმების სანაცვლოდ ე.წ. ატკატებს იღებდა.

ამ დროისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უახლოეს საათებში პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობითა და სიმართლის დადგენით დაინტერესებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×