
უკრაინულ ანალიტიკურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის არმიამ სამ უკრაინულ ოლქში წინ წაიწია, თუმცა მხარეებს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარი კუპიანსკის ოლქია, რადგან მისი აღებით სიტუაცია მთლიანად იცვლება.
„მთავარი კუპიანსკია, ის არის გრავიტაციის წერტილი, რომელიც მთელ ფრონტის ხაზზე მდგომარეობას ცვლის. ტაქტიკური წარმატება დროებითია", - განაცხადა „რეზონანსთან" საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ.
მისი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სუმის ოლქში, ხოტინის რაიონში მდებარე სოფელ კონდრატოვკაში, ასევე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ვოლჩანსკსა და დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მირნოგრადში.
„მტერმა კონდრატოვკასთან, ვოვჩანსკსა და მირნოგრადთან წინ წაიწია", - ნათქვამია ანალიტიკური პროექტ „დიფ სტეიტის" ანგარიშში.
რუსეთის წინსვლის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, უკრაინამ სიტუაციის დასტაბილურება მოახერხა.
„მე როგორც ვიცი, რუსებს ტაქტიკური წინსვლა ჰქონდათ, მაგრამ კუპიანსკიდან უკან დაიხიეს. ფაქტობრივად, კუპიანსკი უკრაინელების მიერ არის დაკავებული, ანუ კონტრშეტევით უკრაინამ მოახერხა აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნება. ტაქტიკური წინსწვლა კი აქვთ რუსებს. თუმცა ეს კუპიანსკთან შედარებით ძალიან უმნიშვნელოა.
- მთავარი კუპიანსკია, ის არის გრავიტაციის წერტილი, რომელიც მთელ ფრონტის ხაზზე მდგომარეობას ცვლის.
ტაქტიკური წარმატება დროებითია. საბოლოო ჯამში, უკრაინელებმა შეძლეს ინიციატივის ხელში აღება და სიტუაციის გათანაბრება. ამ ეტაპზე ასეთი მდგომარეობაა."