
შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, „ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს, რამაც შეიძლება ომი გამოიწვიოს".
„ამას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ომს შეჩვეულები ვართ. უკანასკნელი დიდი ომი ევროპაში 1945 წელს დასრულდა და ამის შემდეგ 80 წელი გავიდა. ეს ევროპისთვის იშვიათი მდგომარეობაა. დიდი ხნის განმავლობაში კონტინენტზე ხალხი ომს ბირთვულმა იარაღმა დააშორა. ყველა ფიქრობდა, რომ ნებისმიერი ევროპული კონფლიქტი ბირთვულ მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა. ამ შიშმა 80 წლის განმავლობაში იარსება, მაგრამ ახლა ახალი სამყარო იქმნება", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში არსებული სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაკნინების შედეგია.
„ევროპაში არსებული სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაკნინების შედეგია. ჩვენ ომს ვუახლოვდებით. გასულ კვირას, ჩვენ ბრიუსელში ომისკენ სვლის ტემპის შენელება შევძელით. იქ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ამ პროცესის აჩქარება სურდათ, მაგრამ მათი დაბლოკვა მოვახერხეთ. დღეს ევროპაში კვლავ ორი ბანაკი არსებობს: „ომის პარტია" და „მშვიდობის პარტია". ამ მომენტისთვის ომის მომხრე ძალები უპირატესობას ფლობენ. ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა", - აღნიშნა ორბანმა.
თსუ-ს პროფესორი, კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სავარაუდოდ, ვიქტორ ორბანი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ სრულდება, ასევე რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები იძაბება, ვიქტორ ორბანის პირადი აზრია, რომ გამორიცხული არ არის მომავალში ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ომი დაიწყოს.
- ამას იმიტომ ამბობს, რომ ძალიან განსხვავდება რუსეთის და ევროპის პოზიციები, თითქმის შეუთავსებელიც კი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპი ცდილობს, რომ რუსეთთან რაღაცნაირად ურთიერთობები დაასტაბილუროს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".