
თბილისი ყოველდღიურად გვთხოვს მეტ ყურადღებას, შრომასა და პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, ერთობით, განსხვავებული აზრის პატივისცემით და საერთო მიზნის ერთგულებით ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ 2025 წელი შეაჯამა და გაწეული საქმიანობისთვის თბილისის მერს, კახა კალაძეს, ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა. ზურაბ აბაშიძის თქმით, სხვადასხვა თემაზე მუშაობას ხშირად თან ახლდა მწვავე კითხვები, განსხვავებული პოზიციები და ცხარე დებატები, მაგრამ ამოსავალი წერტილი ყოველთვის თბილისელების ინტერესები იყო.
„დღეს, 2025 წლის ბოლო სხდომას ვატარებთ და მინდა, ერთგვარი ანგარიშით წარვდგე თქვენ წინაშე. ამ დარბაზში როცა ვიმყოფები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩამოვთვალო მიღწევები, არამედ გაგიზიაროთ ის პასუხისმგებლობა და ემოცია, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის საკრებულოს წევრობას ახლავს. 2025 წელს წინა და ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ სწორედ ამ დარბაზში ჩავატარეთ 17 სხდომა, განვიხილეთ 730 საკითხი, რომლებიც შეეხებოდა ქალაქის ბიუჯეტს, სოციალურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურას, ურბანულ განვითარებასა და თვითმმართველობის გაძლიერებას. თითოეული საკითხის უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული რაიონები და უბნები, კონკრეტული პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას ელოდა. ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც თბილისს მისცა გაზრდილი ბიუჯეტი, მეტი რესურსი სოციალური პროგრამებისთვის, მეტი შესაძლებლობა გზების, ეზოების, სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტისა და საბავშვო ბაღების მოსაწესრიგებლად. ეს არ იყო მარტივი დისკუსიები, ხშირი იყო განსხვავებული პოზიციები, მწვავე კითხვები და ემოციური დებატები, მაგრამ ყოველთვის ერთი მიზნით, თბილისელების ინტერესით. მადლობა თითოეულ დეპუტატს ჩართულობისთვის, კრიტიკისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ შრომისთვის, რომელიც ხშირად თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ქალაქისთვის გადამწყვეტია“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საკრებულოს აპარატს, კომისიებს, თანამშრომლებს და განაცხადა, რომ ამ ადამიანების გარეშე საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა.