
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ენჯეო სექტორი და USAID-ის დახურვა გაიხსენა.
სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პარტნიორი სახელმწიფოების დაფინანსება გაგრძელდება, თუმცა ამ პროცესში სარგებელს ვერ ნახავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ენჯეოების მისამართით რუბიოს კრიტიკას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ USAID-ს საქართველოში მხოლოდ კარგი საქმეები აქვს გაკეთებული.
"ამერიკაში რომ ფიქრობენ, რომ USAID-ს ზედმეტად დიდი თანხები აქვს დახარჯული არაგონივრულად და არაეფექტურად ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნებში, კონკრეტულად საქართველოს მაგალითი არ მინახავს და არც მგონია რომ იყოს. იმიტომ, რომ ქართველების მხრიდან სათქმელი მით უმეტეს არაფერი არ არის, ამ ხალხს ძალიან დიდი თანხები აქვს დახარჯული კარგი საქმეებისთვის საქართველოში და ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს პრეტენზია USAID-თან?" - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.