
ეკლესიის ეზოში შესაწირი ბატკანივით თავი რომ დაადო და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო არაფერი ამ ადამიანს არგუმენტი ან თავის დასაცავი ან ბოლო ბოლო სხვისი დასაშანტაჟებელი არ ჰქონდა? ძალიან უცნაური ამბავია - იმაში, რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, ყველაფერში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა კორუფციას ბრძოლა რომ გამოუცხადოს, მისი ხელისუფლება მეორე დღეს ჩამოიშლება.
„ამ გაუმჭვირვალე ხელისუფლების პირობებში, რასაც მედია ახერხებს, ეს არის მართლა ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენ პრინციპში არაფერი დადასტურებულად არ ვიცით. მედიისგან ვიცოდით, რომ ლილუაშვილიც იყო გარკვეულ კორუფციულ სქემებთან კავშირში. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რეალურად ბიძინა ივანიშვილმა კორუფციას ბრძოლა რომ გამოუცხადოს, მისი ხელისუფლება მეორე დღეს ჩამოიშლება, იმიტომ, რომ მართვის სისტემა, სქემა არის კორუფციაზე აწყობილი. როგორც კი რეალურად კორუფციასთან ბრძოლა დაიწყება, უბრალოდ ეს ხელისუფლება დამთავრდება.
რაც შეეხება ლილუაშვილს, ჩემთვის უცნაური და მოულოდნელი ამაში არაფერი ყოფილა, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა სუს-ის უფროსი, რომ უცხოელი ბიზნესმენებისგან პირდაპირ აიღებდა ქრთამს... ეკლესიის ეზოში შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო არაფერი ამ ადამიანს არგუმენტი ან თავის დასაცავი ან ბოლო ბოლო სხვის დასაშანტაჟებელი არ ჰქონდა? ძალიან უცნაური ამბავია. ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი. სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა ლილუაშვილს დავალებული, რომ ყველა ინვესტიციიდან, რაც შემოდიოდა საქართველოში, მის ხელში უნდა გაევლო და ყველა გარიგება სუს-ისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი. როგორ ფიქრობთ, ლილუაშვილზე მთავრდებოდა ეს გარიგებები? - არ მთავრდებოდა. იმაში, რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, ყველაფერში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი. არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი, არც ისე მამაცი ბიჭები, არც ისეთი პრინციპულები არ არიან, რომ თავი ასეთ საფრთხეში ჩაეგდოთ და ივანიშვილის გვერდის ავლით ეკეთებინათ. იმიტომ აღმოჩნდა ლილუაშვილი ციხეში, რომ ეჭვი აქვს, რომ ლილუაშვილი მეტს იღებდა ამ გარიგებებიდან და ნაკლები მიჰქონდა, ისევე როგორც ღარიბაშვილს. სხვა ინტერესი ბიძინას არ აქვს. ის აჩვენებს ყველას, ვინ არის სიტუაციის მფლობელი და ახდენს სისტემის გადატვირთვას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ეს კორუმპირებული კავშირები ქვემოთაც ხომ ჩაშლილია? ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, რიჟვაძის ქვემოთ. მარტო ისინი სოლო მოთამაშეები ხომ არ იყვნენ ამ კორუფციულ სქემებში? ეს ქვემოთაც იშლებოდა და ზემოთ მიდიოდა ბიძინასთან. ეს ადამიანები არიან შუაში და ახლოს სათავესთან.
ახლა ხომ ჩაანაცვლებს სუს-ში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თავდაცვაში და ა.შ. ახალი კადრებით, ესენი უფრო მოტივირებულები იქნებიან, შეკრებულები, იმიტომ, რომ მათ ახლა აქვთ საშოვნელი და კიდევ ახალი ხალხი ჩააბა კორუფციულ სქემაში, რითაც ის მოიცავს ამ სისტემის გადატვირთვის დროს საზოგადოების დიდ ნაწილს. არავის ეგონოს, რომ ახლა კორუფციას კობახიძის ხელით ებრძვის. არა, კობახიძე-მდინარაძის კადრები, რომლებიც სამინისტროებში საშუალო და ოდნავ მაღალ რგოლში მივიდნენ, ახლა ეს ადამიანები იწყებენ ამ კორუფციული სქემაში ჩანაცვლებას, რომ ისევ იმ გზით ფულმა უნდა იაროს ბიძინამდე. მაგრამ ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის მიმართ გამოჩენილი სიმკაცრით, ის ყველას აჩვენებს, ვინ არის სიტუაციის პატრონი...