რეზონანსი
27.12.2025

მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია,- ასე უპასუხა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა მედიის კითხვას, თუ რა შინაარსის იყო ის ინტერნეტსესია, რომლითაც სუსი-ის განმარტებით, ბაჩო ახალაიას კომუნიკაცია ჰქონდა აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებთან.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რატომ დაიხურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა. თამარ ბეჟუაშვილის თქმით, სხდომის დახურვის შესახებ ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რადგანაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის, სუს-ის წარმომადგენლები.

„საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ბრალდების მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილად იცნობს, შესაბამისად, წარედგინა პირს ბრალდება“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×