რეზონანსი
27.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საქმის ფარგლებში დაკავებულები არიან შპს „ნიუ პასაჟისა“ და შპს „ქროსფოინტის“ წარმომადგენლები.

დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა შპს „ქროსფოინთის“ სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15.26 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 2 089 154 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ქროსფოინთის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. შესაბამისად, დამკვეთი იძულებული იყო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სუს-ში.

რაც შეეხება კომპანიას, „ქროსფოინტი” ბიზნეს რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. ბოლო მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ლაშა რატიანია. 

ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული -ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიდო, ხელშეკრულების ღირებულება 12 655 573 ლარს შეადგენდა, ფაქტობრივად კი გადახდილია 7 311 583 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა მედია, რომ მარნეული-ლომთოგორა-ალგეთის ახალდაგებული ასფალტის საფარი უკვე დაზიანებული იყო. მაშინვე მედია იუწყებოდა, რომ აღნიშნული გზა შეკეთდებოდა.

კიდევ ერთი საქმე დაკავშირებულია „ნიუ პასაჟთან“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი. ამასთანავე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ჯი ეი აუდიტესკორტის“ ორი თანამშრომელი.

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254 990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია“, - აცხადებენ სუს-ში.

რაც შეეხება კომპანიას, შპს „ნიუ პასაჟი“ სამეწარმეო რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 100%-ს შოთა კვარაცხელია ფლობს. კვარაცხელია დირექტორის თანამდებობასაც თავად იკავებს.

საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“ ბიზნეს რეესტრში 2007 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ზუბიკო შავდათუაშვილია, ისვე ფლობს კომპანიის 34%-ს. ამასთანავე, კომპანიის 15%-იანი წილის მესაკუთრე ირაკლი ყენიაა, ხოლო დარჩენილ 51%-ს მინდია ტაბაღუა ფლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×