რეზონანსი
27.12.2025

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ მოწოდებებზე ისაუბრა, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ომში ჩართვასთან დაკავშირებით საქართველოს მისამართით კეთდებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იმ შესაძლო შედეგებზეც იმსჯელა, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოსთვის დადგებოდა.

ქადაგიშვილმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველომ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაგმო აგრესია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია ნორმალურად აღქმადი ყოფილიყო.

„როგორც ომის დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოწინააღმდეგეს ფრონტი მხოლოდ ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს და უნდა არსებობდეს სხვა ფრონტიც, რათა მოწინააღმდეგის ძალები მაქსიმალურად დაქსაქსული იყოს. ეს სამხედრო თვალსაზრისით სწორი მიდგომაა.

მაგრამ აქ მეორე საკითხია - ამ მიდგომის მონაწილე საქართველო უნდა ყოფილიყო ანუ რუსეთთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირების მხარე უნდა გამხდარიყო. ეს გაცილებით უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა, ვიდრე იყო 2008 წლის აგრესია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პატრიოტი, რეალისტურად მოაზროვნე ხელისუფლება თავის ქვეყანას ასეთი საშიშროებისგან დაიცავდა.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნით აღმოჩნდნენ ძალები - პოლიტიკური და ე.წ. არასამთავრობოები, ვინც ამას პირდაპირ დაუპირისპირდნენ, გახდნენ პირდაპირი პროპაგანდისტები და წამქეზებლები იმისა, რომ საქართველო ასეთ კონფრონტაციულ დამოკიდებულებაში შესულიყო რუსეთთან. რაც მთავარია, ამ ძალების უკან ღიად იდგნენ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ადმინისტრაცია, ევრობიუროკრატია. ანუ ბორის ჯონსონის ის მაგალითი გარკვეულწილად ვრცელდება საქართველოზეც - ჩვენც მედგრად უნდა წავსულიყავით კონფრონტაციაზე რუსეთის წინააღმდეგ.

იმ დიდი გეგმების თვალსაწიერიდან სწორია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნებოდა ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე დიდი დარტყმა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გარე და შიდა აქტორების ეს მოწოდებები რომ გაეთვალისწინებინა, საქართველო იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, როგორშიც დღეს უკრაინაა.

„ერთი განსხვავება იქნებოდა - უკრაინას, მისი სიდიდიდან გამომდინარე, თუ კიდევ აქვს სიცოცხლისუნარიანობის რეზერვი, საქართველოს ეს რეზერვიც აღარ ექნებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×