
მსოფლიო პოლიტიკის დიდი შემობრუნება და ერთი წელი, რომელმაც თანამედროვე პოლიტიკის ისტორია შეცვალა - დონალდ ტრამპის ახალი გუნდი, შტატების ახალი ადმინისტრაცია და თამაშის ახალი წესები, უარი ბიუროკრატიას და წინ წამოწეული სუვერენული დღის წესრიგი, რომელმაც მსოფლიოში ყველა სახელმწიფო მიახვედრა, რომ ქვეყნები საკუთარ ბედს თავად უნდა წყვეტდნენ. 2025 წელს თეთრ სახლში ტრამპი ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან ერთად დაბრუნდა. მათი მკაცრი ხელი კი ყველას მისწვდა - დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვით და წელს ევრობიუროკრატების დასანქცირებით ასრულებს. თუმცა ისევ დაუსრულებელია ომი, რომლის დასრულების დაპირებითაც მოვიდა, მაგრამ დამნაშავედ დონალდ ტრამპი აქაც ევროპას აცხადებს. როგორ შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკის ასპექტები ტრამპის მეორედ მოსვლის შემდეგ?
პოლიტიკური აღიარება სკანდალური განცხადება და დაანონსებული ბრძოლა ჩრდილოვან მართველებთან - ეს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზონანსული მიმართვაა, სადაც ლიზ ტრასმა ოფიციალური ლონდონის გასაიდუმლოებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ფარდას იმ მმართველობის სისტემას ხდის, რომელმაც, ტრასის განცხადებით, ბიუროკრატთა მთელი არმია შექმნა, დიდი ბრიტანეთი სუვერენიტეტისგან დაცალა და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.
"ჩრდილოვან მმართველობას დაქვემდებარებული ფეიკ ნიუსი" - ასე აფასებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი BBC-ის. ლიზ ტრასის თქმით, სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების გამო, ბრიტანელებს დღეს რეალობის აღქმა დაკარგული აქვთ.
ის, რასაც ახლა ლიზ ტრასი ამბობს, დიდი ხნის წინ თქვა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 9 დეკემბერს გაკეთებულ მოკლე განცხადებაში ევროპის მდგომარეობა რამდენიმე სიტყვით შეაჯამა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოზიცია და შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია საქართველოსთან. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, უკვე დიდი ხანია, დასავლეთში ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ ევროპა ნამდვილად მწვავე კრიზისშია, ხოლო პოზიცია, რომელიც ევრობიუროკრატიის მიმართ ოფიციალურ თბილისს აქვს, სწორია.
ლიზ ტრასმა მწვავე განცხადებები მისივე პოდკასტის მეოთხე ეპიზოდში გააკეთა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ინტერნეტ-გადაცემაში იმ მავნე ბიუროკრატიას ამხელს, რომელმაც, მისი თქმით, უკვე დიდი ხანია სახელმწიფოებს სუვერენიტეტი წაართვა და ევროპულ ფასეულობებს საფრთხე შეუქმნა.