რეზონანსი
03.01.2026

2025 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 5.4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ნოემბერში დედაქალაქში 3 726 ბინა გაიყიდა, ხოლო 2024 წლის იმავე თვეში 3 536 საცხოვრისია გაყიდული. გაყიდვების პარალელურად, გაზრდილია ფასებიც. კერძოდ, წელს ნოემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 366 დოლარს შეადგენდა, 2024 წლის იმავე პერიოდში კი კვ.მ-ის საშუალო ღირებულება 1 312 დოლარი იყო.

„2025 წლის ნოემბერში, გაყიდვები მაღალ დონეზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, რაც მოთხოვნის აღდგენაზე მიუთითებს. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ კლება განაგრძო, თუმცა, ჯამურად, 2025 წლის 11 თვეში, კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა. შედეგად, ფასის ზრდის ტემპი პირველად და მეორად ბაზარზე დაჩქარდა, მოთხოვნის გაძლიერების და მიწოდების ზრდის ტემპის შენელების ფონზე. 

2025 წლის ნოემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,726 შეადგინა, აქედან:მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა (11 თვეში +2.6% წ/წ). პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 1.8%-ით შემცირდა (11 თვეში +5.1% წ/წ).

ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2025 წლის ნოემბერში გაყიდვები წლიურად მცირედით, 0.8%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ნოემბერში გაყიდვები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და 2025 წელს მეოთხე ყველაზე ძლიერი თვე იყო. ჯამურად, 2025 წლის 11 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 17.2%-ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.

2025 წლის 11 თვეში, თბილისში სულ 37,930 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+12.1% წ/წ)“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×