
ვენესუელასთან დაკავშირებით, მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ადეკვატური, შესაბამისობაშია იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია - საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოხდეს, მათ შორის, ვენესუელას მხრიდან.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ოპტიმალურია.
„ჩვენ ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ისევე როგორც მთავრობის განცხადება ამასთან [ვენესუელასთან] დაკავშირებით, არის ადეკვატური. შესაბამისობაშია იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება ამ შემთხვევაში, მითუმეტეს, როცა საქართველოში, შიგნით არსებობს დესტრუქციული ძალები, მთელი კოჰორტა, რომელსაც ერთი სული აქვს, ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტაცია მოახდინოს. მათ შორის, მამუკა მდინარაძის 14 თვის წინანდელი გამონათქვამი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაანახეს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ერთი - რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოდეს, მათ შორის, ვენესუელას მხრიდან. ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში გლობალური პროცესები მიმდინარეობს ისეთი, რომელიც კაცობრიობის ხვალინდელ დღეს გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, არის ოპტიმალური, ისეთი რომელიც საქართველოს გადაარჩენს. ეს ეხება არა მარტო კონკრეტულად ქმედებებს, არამედ განცხადებების შინაარსსაც,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.
უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გაუქმებას გამოიწვევს.